ხმათა 78%-ის დათვლის შედეგად, ბულგარეთის საპარლამენტო არჩევნებში ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია ლიდერობს.
ბულგარეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემების მიხედვით, ყოფილი პრეზიდენტის, რუმენ რადევის პარტია „პროგრესულ ბულგარეთს“ 44.48% აქვს. დაახლოებით 14% აქვს კოალიცია „დემოკრატიული ბულგარეთის“ და ცენტრისტული პარტიის, „ვაგრძელებთ ცვლილებებს“ ბლოკს, ხოლო 13%-ზე მეტი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბოიკო ბორისოვის პარტიას.
წინასწარი შედეგებით, „პროგრესულ ბულგარეთს“ შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტში უმრავლესობის ჩამოყალიბების შესაძლებლობა ჰქონდეს.
რუმენ რადევმა მადლობა გადაუხადა ყველა ბულგარელ მოქალაქეს, რომლებმაც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მის პარტიას დაუჭირეს მხარი.
„პროგრესულმა ბულგარეთმა“ გადამწყვეტად გაიმარჯვა. ეს არის იმედის გამარჯვება უნდობლობაზე, თავისუფლების გამარჯვება შიშზე და ბოლოს, მორალის გამარჯვება. ხალხმა უარყო ძველი პარტიების თვითკმაყოფილება, ამპარტავნება და არ დაემორჩილა ტყუილს, მანიპულაციებს. უნდა იცოდეთ, რომ ბულგარეთი ძალისხმევას არ დაიშურებს ევროპული გზის გასაგრძელებლად, მაგრამ დამიჯერეთ, ძლიერ ბულგარეთს კრიტიკული აზროვნება და პრაგმატიზმი სჭირდება. ახლა ევროპას რაც სჭირდება, არის კრიტიკული აზროვნება, პრაგმატული ქმედებები და კარგი შედეგები. განსაკუთრებით ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში და დიდი ძალისხმევის გაღებაში მისი სამრეწველო სიძლიერის, კონკურენტუნარიანობის აღსადგენად. ეს იქნება ბულგარეთის მთავარი წვლილი ევროპულ მისიაში“, – განაცხადა რადევმა.

