უკრაინის დაზვერვა 18-19 აპრილის ღამეს, ანექსირებულ ყირიმში რუსული გემების დაზიანების შესახებ დეტალებს აქვეყნებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთ-ერთმა დანაყოფმა წარმატებული დარტყმები მიაყენა აგრესორი სახელმწიფოს ორ დიდ სადესანტო ხომალდს – 775 პროექტის „იამალს“ და 1171 პროექტის „ნიკოლაი ფილჩენკოვს“. დარტყმის მომენტში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კუთვნილი ხომალდები სევასტოპოლის ყურეში იმყოფებოდნენ.
775 პროექტის სადესანტო ხომალდი „იამალი“ – 1988 წელს გამოშვებული ხომალდია, რომლის სიგრძე 112,5 მეტრია და შეუძლია 500 ტონამდე ტვირთის, მათ შორის ჯავშანტექნიკის გადაზიდვა. ხომალდის სავარაუდო ღირებულება 80 მილიონ დოლარზე მეტია.
1171 პროექტის სადესანტო ხომალდი „ნიკოლაი ფილჩენკოვი“ – 1975 წელს გამოშვებული ხომალდია, რომლის ტვირთამწეობა 1000 ტონამდეა. ეს მას საშუალებას აძლევს გადაზიდოს ათობით ერთეული ჯავშანტექნიკა და დიდი სადესანტო კონტინგენტი. ხომალდის სავარაუდო ღირებულება 70 მილიონ დოლარზე მეტია.
ორივე ხომალდი, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულებრივ ომში იყენებდა, მწყობრიდან არის გამოყვანილი – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.
სევასტოპოლში ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის დაზვერვამ ასევე გაანადგურა, მტრის რადიოლოკაციური სადგური, რომლის მიახლოებითი ღირებულება 5 მილიონი დოლარია.

