კიევში გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ უკრაინის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გადადგა – მან პასუხისმგებლობა აიღო იმ პატრულ-ინსპექტორების ქცევაზე, რომლებიც პირველები მივიდნენ სროლის ადგილას, მაგრამ გაიქცნენ. ევგენ ჟუკოვმა მისი ყოფილი თანამშრომლების საქციელს სამარცხვინო უწოდა, რის შემდეგაც 2 პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. გამოძიება მათი უშუალო ხელმძღვანელობის მიმართაც დაიწყო.
უკრაინის ეროვნული პოლიციის ხელმძღვანელის განცხადებით კი სროლა, რომლის შედეგადაც გუშინ კიევში 6 ადამიანი დაიღუპა, საყოფაცხოვრებო კონფლიქტის ნიადაგზე დაიწყო. ივან ვიჰივსკის თქმით, პოლიციამ მომხდარის სრული ქრონოლოგია აღადგინა და იქ ჩანს, რომ კონფლიქტი მეზობლებს შორის უთანხმოებით დაიწყო. ვიჰივსკის თქმით, თავდამსხმელმა პისტოლეტიდან ჯერ მეზობლებს ესროლა, შემდეგ სახლიდან მეორე იარაღი გამოიტანა, საკუთარ სახლს ცეცხლი წაუკიდა და ქუჩაში სროლა გამვლელების მისამართით დაიწყო. ამის შემდეგ კი ის სუპერმარკეტში შეიჭრა, მძევლები აიყვანა და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მაღაზიის შტურმი გახდა საჭირო. თავდამსხმელის ლიკვიდირება ადგილზე მოხდა. თავდამსხმელი ყოფილი სამხედრო, 58 წლის დიმიტრი ვასილჩენკოვი აღმოჩნდა. უკრაინის გენპროკურატურამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.
კიევში შეიარაღებული თავდასხმა გუშინ განხორციელდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, დაშავდა 10-ზე მეტი.

