ლატვიამ და ლიეტუვამ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს, რომელიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასწრებას გეგმავს, საჰაერო სივრცე დაუხურეს.
ინფორმაციას თავად სლოვაკეთის პრემიერი ავრცელებს და უკამყოფილებას გამოთქვამს.
„ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე გამოაცხადეს, რომ მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ მოგვცემენ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს თავიანთ ტერიტორიებზე ფრენის უფლებას არ აძლევენ“, – განაცხადა ფიცომ.
ამასთან, ფიცო აცხადებს, რომ ალტერნატიული მარშრუტის პოვნას შეძლებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ სხვა მარშრუტს ვიპოვი, ისევე როგორც გასულ წელს, როდესაც ესტონეთმა ჩვენი გეგმები ჩაშალა“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, გასულ წელს, ევროპელი კოლეგების პროტესტის მიუხედავად, რობერტ ფიცო მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე მაინც ჩავიდა. 2025 წლის 9 მაისს მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებებზე სახელმწიფოს მეთაურის დონეზე ფიცო და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი პუტინის ერთადერთი ევროპელი სტუმრები იყვნენ.

