რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებით, კრასნოდარის მხარის სანაპიროსთან, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს უკრაინული დრონები თავს დაესხნენ.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა გემის კაპიტანი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა.
„ლიბერიის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ნავთობტანკერს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიულ წყლებში უკრაინული დრონები დაესხნენ თავს. მისი კაპიტანი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა სვეტლანა პეტრენკომ.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერის თქმით, შეგროვებული მტკიცებულებების საფუძველზე, გამოძიება დანაშაულში ჩართული უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურების ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემს.

