ელენე ხოშტარიამ და ღირსების შემლახავი მოპყრობის მსხვერპლმა ქალებმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტს მიმართეს – ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „დროა“ ავრცელებს.
“ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლების შემთხვევები არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა, ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა. და ეს პრაქტიკა წარმოადგენს უფრო ფართო, სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთ საყრდენს”,- წერია მიმართვაში.
წერილის ხელმომწერების აზრით, იმისთვის, რომ დაკავებული პირების ძალადობრივი გაშიშვლების ღირსების შემლახავი პრაქტიკა შეწყდეს, არ არის საკმარისი ამ შემთხვევების მხოლოდ დოკუმენტირება – დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და მათი პასუხისგებაში მიცემა იქნება ერთადერთი ეფექტიანი შემაკავებელი ფაქტორი წამების ნორმალიზაციის წინააღმდეგ.
„პროტესტის მონაწილე საქართველოს მოქალაქეების შეუჩერებელი წინააღმდეგობა, სიმტკიცე და გამძლეობა ცხადყოფს, რომ საქართველოში ვერ დამყარდება სტაბილურობა სამართლიანობის აღდგენისა და ადამიანის ღირსების უმთავრეს ღირებულებად აღიარების გარეშე”,- ნათქვამია მიმართვაში.

