დღემდე საქართველოში ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ არსებობს – იმის მიუხედავად, რომ საქართველო კეთილსინდისიერად ასრულებს სანქციების რეჟიმს, არ წყდება ამ თემით სპეკულაცია და აღნიშნული საკითხის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება, – ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო საზღვრებზე დაფიქსირდა სანქცირებული ტვირთის უკან დაბრუნების და საბაჟო პროცედურების განხორციელებაზე უარი თქმის 2 777 შემთხვევა, რეგისტრაციის ეკონომიკურ ზონებში საქონლის ექსპორტზე ან რეექსპორტზე უარის თქმის 1 950-ზე მეტი შემთხვევა. ბოჭორიშვილის თქმით, 2022 წლიდან სანქციებთან დაკავშირებული საფუძვლით 61 გემს უარი ეთქვა საქართველოს პორტებში შემოსვლაზე.
„მიუხედავად იმისა, რომ სანქციების გვერდის ავლის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით, რეგულარულად ხორციელდება შეტევა საქართველოზე როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი სატელიტების, ისე გარე ძალების მიერ.
ეს ფაქტიც მოწმობს, რომ ჩვენი ქვეყანა არის გარკვეული ძალების სამიზნე, რომლებიც არ იშურებენ ძალისხმევას, საფრთხე შეუქმნან ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, მშვიდობას და უსაფრთხოებას.
ამ მოცემულობაში საქართველოს ხელისუფლების ბრძოლა საქართველოს ინტერესების დასაცავად არც თუ ისე მარტივია, მაგრამ მხოლოდ სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წარმატებით ვახერხებთ ურთულეს გეოპოლიტიკურ მოცემულობაში ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნებას და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის და კეთილდღეობისთვის სათანადო პირობების გარემოს შექმნას”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

