უკრაინა „გაბრაზებულია“ იმის გამო, რომ ისრაელმა, სავარაუდოდ, მოპარული უკრაინული მარცვლეულით დატვირთულ რუსულ გემს ჰაიფაში შესვლის უფლება მისცა, – ამის შესახებ ისრაელში უკრაინის ელჩმა, ევგენ კორნიიჩუკმა განაცხადა.
„ისრაელს დიდად არ გაუხარდებოდა, ირანიდან შესყიდვებს თუ დავიწყებდით. ჩვენ ამას ვერიდებით. გვჯერა, რომ იგივეს მოთხოვნა შეგვიძლია თქვენგან რუსეთთან დაკავშირებით“, – აღნიშნა უკრაინელმა დიპლომატმა.
27 მარტს უკრაინის ელჩმა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკურ დეპარტამენტს წარუდგინა მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა, რომ გემს მოპარული მარცვლეული გადაჰქონდა, თუმცა, კორნიიჩუკის თქმით, ისრაელი უკრაინის გენერალური პროკურორისგან ოფიციალურ მოთხოვნას ელოდა.
უკრაინაში ისრაელის ელჩმა, მიხაილ ბროდსკიმ ოფიციალური მოთხოვნა და უკრაინის სასამართლოს აკრძალვა 14 აპრილს მიიღო და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა.
„ამის შესახებ იცოდნენ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, იუსტიციის სამინისტრომ და ისრაელის საბაჟომ. ყოველ შემთხვევაში, მათ შეეძლოთ გადაედოთ დამატებითი ინფორმაციის მიღებამდე, მაგრამ ეს არ გააკეთეს“, – ამბობს კორნიიჩუკი.

