მომწონს, როცა პაპი საუბრობს მიგრაციაზე, აბორტზე, ომსა და მშვიდობაზე, რადგან ეს, სულ მცირე, დისკუსიას იწვევს. ბოლო თვეებში პაპის მხრიდან იყო განცხადებები, რომელთაც არ ვეთანხმები, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
ვენსის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „იმედგაცრუებულია“ ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ აშშ-ის პოლიტიკის კრიტიკით, მაინც მოსწონს და აღფრთოვანებულია რომის პაპით.
„მე დიდ პატივს ვცემ პაპს. მომწონს. აღფრთოვანებული ვარ მისით. მომწონს, როცა პაპი საუბრობს მიგრაციაზე, აბორტზე, ომსა და მშვიდობაზე – რადგან ეს, სულ მცირე, დისკუსიას იწვევს. რა თქმა უნდა, ბოლო თვეებში პაპის მხრიდან იყო განცხადებები, რომელთაც არ ვეთანხმები. მოდით, მოვიყვანოთ ერთი ძალიან კონკრეტული მაგალითი, ირანში კონფლიქტთან დაკავშირებით. პაპმა თქვა – შევეცდები ზუსტი ციტატა გავიხსენო – მან თქვა, რომ ღმერთი არასდროს არის მათ მხარეს, ვინც ხმალს იყენებს. ერთი მხრივ, მომწონს, რომ პაპი მშვიდობის დამცველია, ეს ნამდვილად მისი ერთ-ერთი როლია. მაგრამ, მეორე მხრივ, როგორ შეიძლება თქვა, რომ ღმერთი არასდროს არის იმათ მხარეს, ვინც ხმალს იყენებს? იყო თუ არა ღმერთი იმ ამერიკელების მხარეს, რომლებმაც საფრანგეთი ნაცისტებისგან გაათავისუფლეს? იყო თუ არა ღმერთი იმ ამერიკელების მხარეს, რომლებმაც ჰოლოკოსტის ბანაკები გაათავისუფლეს? ვფიქრობ, პასუხია – „დიახ“, – განაცხადა ვენსმა.
ვენსს სიტყვით გამოსვლა აუდიტორიის წევრმა შეაწყვეტინა და დაიყვირა, რომ ღმერთი გენოციდს არ დაუჭერდა მხარს, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კი უპასუხა: „მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ პასუხი დადებითია და ვეთანხმები. ღმერთი არ უჭერს მხარს გენოციდს. აი, ჩემი პასუხი: ჩვენ როცა მოვედით, ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობა აბსოლუტური კატასტროფა იყო და ვინ მიაღწია სამშვიდობო შეთანხმებას ღაზაში? – დონალდ ტრამპმა“.

