პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით, ერთხმად მიიღო „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თანმდევ პროექტებთან ერთად წარადგინა.
ცვლილების თანახმად, ზუსტდება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვისა და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, ასევე, საქართველოს თავდაცვის ძალებში სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხები.
მომხსენებლის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურის მიერ შეთავსებითი საქმიანობის პროცედურული საკითხების დაზუსტების უზრუნველსაყოფად მიეთითება აღნიშნული საქმიანობის განხორციელებისათვის გაცემული წერილობითი თანხმობის ვადა – ერთი წელი.
პროექტის თანახმად, პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მისაღებად ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით, განისაზღვრება წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისათვის და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისათვის პირის გამოძახების პროცედურები.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება პირის ოჯახის წევრები, რომელთაც შეიძლება ჩაბარდეთ პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ შეტყობინება/ უწყება.
ცვლილების თანახმად, პირი, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის საკონტრაქტო სამსახურის სახით, მის მიერ კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, ავტომატურად იქნება გადაყვანილი 8-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში (თუ მას არ აქვს გადავადების ან გათავისუფლების შესაბამისი საფუძვლები ან მძიმე ოჯახური მდგომარეობა).
„საქართველოს თავდაცვის ძალებში დასაქმებული სამოქალაქო პირის სამსახურის გავლასთან დაკავშირებით ზუსტდება, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები“, – განაცხადა მომხსენებელმა.

