„უოლ სთრით ჯორნალის“ ცნობით, საუდის არაბეთი აშშ-ს სთხოვს ირანთან მოლაპარაკებების განახლებას, ესკალაციისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტის დახურვის საფრთხის გამო.
გამოცემის ინფორმაციით, საუდის არაბეთი ზეწოლას ახდენს აშშ-ზე, მოითხოვს ვაშინგტონისგან, უარი თქვას ირანის პორტების ბლოკადაზე და დაუბრუნდეს თეირანთან მოლაპარაკებებს.
გამოცემის წყაროების თქმით, ერ-რიადში შიშობენ, რომ აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ შესაძლოა, ირანს უბიძგოს ესკალაციისკენ და ბაბ-ელ-მანდების სრუტის დახურვისკენ.
ცნობისთვის, ეს არის ნავთობის ექსპორტისთვის საჭირო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი.
„უოლ სთრით ჯორნალი“ აღნიშნავს, რომ საუდის არაბეთმა ცოტა ხნის წინ შეძლო ნავთობის ექსპორტის ომამდელ დონემდე აღდგენა, რაც, ნედლი ნავთობის უდაბნოს გავლით წითელ ზღვამდე ტრანსპორტირებით მოხერხდა.
შეგახსენებთ, რომ ბაბ-ელ-მანდების სრუტის მიმდებარე სანაპიროს ერთ-ერთ მონაკვეთს აკონტროლებენ ირანის მოკავშირე იემენელი ჰუსიტები, რომელთაც ამ მარშრუტის გადაკეტვა შეუძლიათ.
„უოლ სთრით ჯორნალის“ წყაროების თანახმად, საუდის არაბეთმა მიიღო გარანტიები, რომ სამეფოს გემებზე თავდასხმები არ განხორციელდება. თუმცა ერ რიადმა აშშ-ს აცნობა, რომ სიტუაცია კვლავ არასტაბილურია და ჰუსიტები შეიძლება, უფრო აქტიურად ჩაერიონ კონფლიქტში, თუ ირანი ზეწოლას გააძლიერებს.
არაბი ოფიციალური პირების თქმით, ჰუსიტებს ასევე შეუძლიათ, დაიწყონ გემებისთვის გადასახადის დაწესება ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გავლისთვის.

