ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 15 აპრილს დაამტკიცებს სამეფო დეკრეტს ქვეყანაში მცხოვრები 500 000 მიგრანტის ლეგალიზაციის შესახებ.
როგორც პედრო სანჩესი სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს, ეს ნაბიჯი საჭირო და სწორია.
მისი თქმით, 15 აპრილს ძალაში შევა მეფის ბრძანება, რომლითაც დაიწყება ესპანეთში ლეგალური სტატუსის გარეშე მყოფი 500 000 მიგრანტის ლეგალიზაციის პროცესი.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ეს ნაბიჯი აუცილებელია „ნორმალიზაციისთვის და რეალობის აღიარებისთვის“.
„ეს არის სამართლიანობის აქტი და აუცილებლობა. ჩვენ ვაღიარებთ მათ უფლებებს, მაგრამ ვითხოვთ ვალდებულებების აღებას, რომ ისინი, ვინც უკვე არიან ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი, იყვნენ თანასწორ პირობებში“, – განაცხადა სანჩესმა.
მისივე თქმით, ესპანეთის მთავრობას მოქმედების ორი ვარიანტი ჰქონდა.
„ერთი გზა არის მათი, ვინც თესავს შიშს და ადამიანებს ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყობს, ათასობით ადამიანს იზოლაციისთვის სწირავს. ან არის მათი გზა, ვინც ხვდება, რომ მიგრაცია რეალობაა და საჭიროა მასზე პასუხისმგებლიანი რეაგირება. აუცილებელია, უზრუნველყოფილი იყოს სამართლიანი ინტეგრაცია და ამის გადაქცევა ჩვენს საერთო კეთილდღეობად. ესპანეთი ყოველთვის მეორე გზას ირჩევდა“, – განაცხადა სანჩესმა.
ესპანური მედიის ცნობით, მიგრანტების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება ესპანეთის მთავრობას ბოლო 21 წელია, არ მიუღია. გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ესპანეთში მყოფ 500 ათასიდან 840 ათასამდე მიგრანტის ლეგალიზაციას.
როგორც აღინიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ეხება ადამიანებს, რომლებიც ესპანეთში ჩავიდნენ 2026 წლის პირველ იანვრამდე, ხუთი თვე არ დაუტოვებიათ ესპანეთის ტერიტორია, არ არიან ნასამართლევი და არ წარმოადგენენ საფრთხეს საზოგადოებისთვის.

