ევროპული ავიაკომპანიები ევროკავშირს მოუწოდებენ, მიიღოს საგანგებო ზომები სპარსეთის ყურეში ომის შედეგების დასაძლევად.
„როიტერის“ მიერ მოპოვებულ დოკუმენტში ავიაკომპანიები აცხადებენ, რომ გაერთიანება Airlines for Europe (A4E) სპარსეთის ყურეში ომის შედეგად საჰაერო სივრცის დახურვასა და საავიაციო საწვავის დეფიციტთან დაკავშირებულ კრიზისზე რეაგირების მიზნით, ევროკავშირს მთელი რიგი ზომების შემოღებას სთხოვს. მათ შორის არის ევროკავშირში საავიაციო საწვავის მარაგების მონიტორინგი, ავიაციისთვის ევროკავშირის ნახშირბადის ბაზრის დროებით შეჩერება და გარკვეული საავიაციო გადასახადების გაუქმება.
როგორც „როიტერი“ წერს, დოკუმენტის ავტორები მოუწოდებენ ევროკავშირს, განიხილოს საავიაციო საწვავის ერთობლივი შესყიდვის შესაძლებლობა, როგორც ეს ბრიუსელმა 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის შემდეგ ბუნებრივი აირის შემთხვევაში გააკეთა.
ასევე ევროკავშირს მოუწოდებენ, წევრ ქვეყნებს საავიაციო ნავთობის 90-დღიანი მარაგის შექმნის ვალდებულება დაუწესდეს.
„როიტერის“ ცნობით, სპარსეთის ყურეში ომმა სერიოზულად დააზარალა საავიაციო სექტორი. ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ევროპულ ავიაკომპანიებს სპარსეთის ყურის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის საჰაერო სივრცეში ოპერირება 24 აპრილამდე აუკრძალა. ამასთან, ჰორმუზის სრუტის დახურვის გამო საავიაციო სექტორი საწვავის მწვავე დეფიციტის საფრთხის წინაშე დგას. გასულ კვირას ინდუსტრიულმა ორგანიზაციამ Airports Council International Europe (ACI) გაავრცელა გაფრთხილება, რომ სამ კვირაში ევროპაში შესაძლოა, საწვავის სისტემური დეფიციტი წარმოიქმნას.
Airlines for Europe (A4E) აერთიანებს ისეთ ავიაკომპანიებს, როგორიცაა „ეარფრანსი“, „ლუფთჰანზა“ და „იზიჯეთი“.
„როიტერის“ ცნობით, ევროკომისია სპარსეთის ყურეში ომის შედეგების შესამსუბუქებლად ზომების პაკეტს 22 აპრილს წარადგენს. ჯერ უცნობია, კონკრეტულად რა წინადადებებს მოიცავს აღნიშნული პაკეტი.

