13 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა რუს გენერალს, დენის ბარილოს, რომელიც 2022 წელს ჩერნიგოვის ოლქში მშვიდობიანი მოქალაქეების წამებაში მონაწილეობდა.
Kyiv Independent-ის ინფორმაციით, ოკუპანტმა რუსულმა ძალებმა სოფელ იაჰიდნეში 380 მშვიდობიან მოქალაქეს სკოლის სარდაფში ჩასვლა აიძულეს, სადაც ისინი თითქმის ყოველგვარი წყლისა და საკვების გარეშე 27 დღის განმავლობაში იყვნენ დატყვევებულები. ამ დროის განმავლობაში მათგან 10 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოკუპანტებმა კიდევ შვიდი მათგანი მიმდებარე სოფელში მოკლეს.
SBU-ს ცნობით, იაჰიდნეში მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის, დაახლოებით 80 ბავშვის, დატყვევება და წამება გენერალი ბარილოს ხელმძღვანელობით მოხდა. ბავშვებს შორის სყველაზე მცირეწლოვანი 6 კვირის იყო.
განცხადების მიხედვით, ბარილო მეთაურობდა რუსეთის 55-ე ცალკეული მოტორიზებული მსროლელთა ბრიგადას, რომელიც 2022 წლის მარტში იაჰიდნეს ოკუპაციაში იღებდა მონაწილეობას. მისი მეთაურობით რუსმა სამხედროებმა სოფლის მცხოვრებლებს სკოლის სარდაფში ჩასვლა აიძულეს, რის შემდეგაც შენობის ზედა სართულებზე მოწყობილი ბაზისთვის მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

