ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ოთხპუნქტიანი წინადადება წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედია ავრცელებს.
ჩინეთის პრეზიდენტმა ოთხპუნქტიან წინადადებაზე პეკინში, აბუ დაბის მემკვიდრე პრინცთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული ვითარება.
როგორც სი ძინპინმა აღნიშნა, ჩინეთი „კონსტრუქციულ როლს“ შეასრულებს რეგიონში სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში.
ოთხპუნქტიან წინადადებაში სი ძინპინმა მოითხოვა: მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის“ დაცვა და ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში „საერთო, ყოვლისმომცველი და მდგრადი უსაფრთხოების არქიტექტურის“ ხელშეწყობა.
ასევე სახელმწიფოების სუვერენიტეტის დაცვა, მათ შორის პერსონალის, ობიექტებისა და ინსტიტუტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.
მედიის ცნობით, კიდევ ერთი პუნქტი გულისხმობს საერთაშორისო სამართლის პატივისცემას, რომელიც არ უნდა გამოიყენებოდეს „მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხელსაყრელია”
„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მსოფლიო დაუბრუნდეს ჯუნგლების კანონს“, – აღნიშნა სი ძინპინმა
მისევე თქმით, ყველა ქვეყანამ უნდა „გააერთიანოს განვითარება და უსაფრთხოება“ და „შექმნას ხელსაყრელი გარემო და შეიტანოს დადებითი ენერგია ახლო აღმოსავლეთის სპარსეთის ყურის სახელმწიფოების განვითარებაში“.

