აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გაბედულმა უნგრელმა ხალხმა ისტორია დაწერა – ეს არის დასტური იმის, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა და ავტოკრატიული რეჟიმისა, არჩევნები არის ხელისუფლების შესაცვლელად ერთადერთი სწორი გზა” – გიორგი შარაშიძე

გაბედულმა უნგრელმა ხალხმა ისტორია დაწერა – ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა და ავტოკრატიული რეჟიმისა, არჩევნები არის ერთადერთი ყველაზე სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დეპუტატმა საქართველოს მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „იმ პირობებში, როდესაც უნგრეთთან შედარებით, საქართველოს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა, გვმართებს კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მობილიზება, რათა ოპოზიციური ამომრჩეველი რაც შეიძლება მეტი იყოს“.

შარაშიძე ამბობს, რომ ხელისუფლების შეცვლა არის ხანგრძლივი გზა და ამას სჭირდება გაცილებით მეტი მუშაობა, შრომა და ბრძოლა.

„პირველ რიგში, ვულოცავ ოპოზიციურ პარტია „ტისას“, მის ლიდერს და ზოგადად, უნგრელ ხალხს ამ დიდ ისტორიულ გამარჯვებას. ნამდვილად შეძლო ამ გაბედულმა ხალხმა და დაწერა ისტორია, 16-წლიანი ავტოკრატიული მმართველობის შემდეგ, როგორ შეიძლება არჩევნების გზით, მშვიდობიანი გზით შეცალო ხელისუფლება. თან ეს გააკეთო ისე, რომ მოიპოვო არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ საკონსტიტუციო უმრავლესობა.

რაც შეეხება საქართველოს რეალობას – უნდა ითქვას, რომ მიუხედავად მსგავსებებისა, არის დიდი სხვაობებიც. მთავარი სხვაობა არის ის, რომ სამწუხაროდ, საქართველო ჯერ არ გახლავთ არც ევროკავშირის, არც ნატოს წევრი, შესაბამისად, უნდა გვესმოდეს, რომ ჯერჯერობით, საქართველოს არ იცავს ევროპული სტანდარტები და ის ვალდებულებები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყანას გააჩნია. მეორე განსხვავება არის ის, რომ უნგრეთის პირდაპირო მეზობელი არ არის რუსეთი და მას რუსეთთან ომი არ ჰქონია. რა თქმა უნდა, არის კიდევ სხვაობა, რაც უკავშირდება ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს. „ოცნება“ ძალიან ხშირად იყენებს არა საკუთარ სიძლიერეს, არამედ სწორედაც გარკვეული ოპოზიციური ნაწილის ფაქტორს საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

რაც შეეხება ჩვენს პოზიციას – რა თქმა უნდა, ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არჩევნები, მიუხედავად არათანაბარი პირობებისა და ავტოკრატიული რეჟიმისა, მაინც არის ერთადერთი ყველაზე სწორი გზა ხელისუფლების შესაცვლელად. ეს არის ზუსტად ის გზა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ აირჩია. გვიხარია, რომ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უნგრეთის მაგალითზე. უნდა გვესმოდეს ისიც, რომ ასეთ ვითარებაში, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ვითარება კიდევ უფრო მძიმეა უნგრეთთან შედარებით, გვმართებს კიდევ უფრო მეტი მუშაობა და მობილიზება იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური ამომრჩეველი იყოს რაც შეიძლება მეტი. უნდა გვესმოდა და რეალობას თვალებში ჩავხედოთ, რომ ამ პირობებში, რომელშიც დღეს ვართ, სამწუხაროდ, მცირე უპირატესობა არ არის საკმარისი არჩევნებში გამარჯვებისთვის. საჭიროა საგრძნობი უპირატესობა, იმისთვის, რომ ისეთი ტიპის ავტოკრატიულმა რეჟიმმა, როგორიცაა “ოცნება” და როგორიც იყო უნგრეთში ორბანის რეჟიმი, ვეღარ შეძლოს ვერანაირი მანიპულაციით არჩევნების გაყალბება და შედეგების საკუთარ თავზე მიწებება. ასევე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხანგრძლივი გზა. ამას სჭირდება გაცილებით მეტი მუშაობა, შრომა, ბრძოლა. ეს არის გზა, რომელიც მოითხოვს უფრო მეტ დროს. ჩვენ ყველას გვინდა ცვლილებები დღესვე, მაგრამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ – ამას სჭირდება გაცილებით მეტი დრო. ეს დაადასტურა უნგრეთის მაგალითმაც,“ – განაცხადა შარაშიძემ.

შეგახსენებთ, უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პიტერ მადიარის ოპოზიციური პარტია „ტისამ“ გაიმარჯვა. ის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩამოაყალიბებს.

იტვირთბა....