საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია “ნაციონალური მოძრაობის” საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული ბოტანიკური ბაღისთვის ტერიტორიის ჩამოჭრა არ მომხდარა, ბაღს ბაღის საკუთრებაში არსებული 4 ჰექტარი მიწა მთაბორის მთასთან არსებულ 4 ჰექტარ მიწაში გადაუცვალეს.
“საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია დადებითად და ბაღისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს ბაღის ტერიტორიის საერთო ფართობის უცვლელად, საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშული გადაწყვეტილება ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ხანგრძლივი კონსულტაციის შედეგად იქნა მიღებული.
ფართის კორექტირებით ბოტანიკურ ბაღს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში აქამდე გამოუყენებელი, აუთვისებელი ქვა-ღორღოვანი განაპირა ფერდობის სანაცვლოდ, შემოუერთდა მისი განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ვაკე – ტერიტორია თაბორის მთაზე.
აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გაშენებულია ხეხილოვან მცენარეთა კოლექცია, მიმდებარე ტერიტორიას ბაღის თემატური განვითარებისათვის დიდი პოტენციალი გააჩნია. გარდა ამისა, შემოერთებული ტერიტორიით ბოტანიკური ბაღი უშუალოდ დაუკავშრდება “კრწანისი-შინდისის” ახალ გზას, რის შედეგადაც ბაღში გაჩნდება ახალი ალტერნატიული შესასვლელი. ასევე, თაბორის მთაზე მოეწყობა ახალი ტურისტული მარშრუტი. რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება ქალაქისა და ბოტანიკური ბაღის საუცხოო ხედების დათვალიერება.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ავღნიშნავთ, რომ ფართის კორექტირებით ბოტანიკურმა ბაღმა შემოიერთა მცენარეთა კოლექციის გაზრდისათვის ხელსაყრელი, ნაყოფიერი და საპარკე ნაწილის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც ხელს შეუწყობს ბაღის მიზნებისა და ამოცანების ეფექტურ განხორციელებას.
ვთხოვთ ჩვენს თანამოქალაქეებს საკითხის შეუსწავლელად, ზედაპირული ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გამოიტანენ დასკვნებს, რადგან ამ საკითხის პოლიტიკური ინტერპრეტირებით და თემის ხელოვნური აქტუალიზაციით არ დაზარალდეს თბილისის ბოტანიკური ბაღის ინტერესები და განვითარების პერსპექტივა.
ნებისმიერ მხარეს განცხადების გაკეთებამდე ჩვენთვის, რომ მოემართა ავუხსნიდით, რომ ბოტანიკური ბაღისთვის ეს გაცვლა ძალიან მომგებიანი და სასარგებლოა, რაც ტერიტორიების უბრალო დათვალიერებითაც კი ნათელად ჩანს.
მივმართავთ ყველა მოქალაქეს, თბილისის მოსახლეობას, ვისთვისაც ბოტანიკური ბაღის ბედი სულერთი არ არის- წინასწარი დასკვნების გამოტანამდე ეწვიეთ თბილისის ბოტანიკურ ბაღს, საკუთარი თვალით იხილეთ გაცვლილი ტერიტორიები და თავად დარწმუნდებით, რომ ამ ტერიტორიების გაცვლა ბოტანიკური ბაღის განვითარებისთვის მომგებიანი და ძალიან სასარგებლოა” – აცხადებენ ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციაში.