აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კრემლში აცხადებენ, რომ კირილ დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტი არ ნიშნავს უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას

კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, კირილ დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტი არ ნიშნავს უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, კირილ დმიტრიევი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ის ეკონომიკურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს.

„უპირველესად, შემიძლია დავადასტურო ეს ვიზიტი. მეორეც, კირილ დმიტრიევი უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებაზე მოლაპარაკებებს არ აწარმოებს და ეს მოლაპარაკებების განახლებას არ ნიშნავს. კირილ დმიტრიევი ეკონომიკურ საკითხებში მომუშავე ჯგუფს ხელმძღვანელობს და ის ამ კუთხით მუშაობას განაგრძობს,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

პეკსოვის თქმით, რუსეთს არა ცეცხლის შეწყვეტა, არამედ ხანგრძლივი მშვიდობა სურს. როგორც კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, ეს მშვიდობა შესაძლებელია დღესვე დამყარდეს, თუ ვოლოდიმირ ზელენსკი „პასუხისმგებლობას აიღებს და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.“

მანამდე, „როიტერმა“ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი ამჟამად შეერთებულ შტატებში იმყოფება და უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისა და ამერიკა-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს ხვდება.

იტვირთბა....