პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდმა “რუსთავი 2”-ის საქმეზე განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში, თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა.
ფონდი მიიჩნევს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის არსებობა, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მისცემს შესაძლებლობას ინფორმაცია მიიტანოს ამომრჩევლამდე.
“ხელისუფლების ცვლილებიდან რამდენიმე წელში თავისუფალი მედია ისევ საფრთხის ქვეშ დადგა. “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” ყურადღებით აკვირდება ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის საქმესთან მიმართებით წარმოებულ პროცესებს და სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობას. სამწუხაროდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-თან დაკავშირებით განვითარებული მოვლენები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია გამოთქვამს შეშფოთებას ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. “პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” უერთდება ამ შეშფოთებას და მხარს უჭერს სამაუწყებლო კომპანიას და აღნიშნულ ტელეკომპანიაში დასაქმებულ ყველა ჟურნალისტს და თანამშრომელს.
“პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ხელი აიღოს სასამართლოს კონტროლზე. აქვე მოვუწოდებთ სასამართლო კორპუსს, არ ჩაერიონ პოლიტიკურ ინსინუაციებში, რათა საბოლოო ჩრდილი არ მიაყენონ სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეპუტაციას, არ მოახდინონ მართლმსაჯულების განმახორციელებელი ორგანოს სრული დისკრედიტირება და საბოლოოდ არ გაცვითონ საზოგადოების ნდობა მოცემული ორგანოსადმი, რომელიც ისედაც ძალიან მყიფეა. მოცემულ საქმეში ხელისუფლების ჩარევით და გაუაზრებელი ქმედებებით ზიანი მიადგება არა მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის სარედაქციო დამოუკიდებლობას და ფინანსურ მდგომარეობას, არამედ აღნიშნულმა შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგები იქონიოს ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მის ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესსა და ოფიციალურად გაცხადებულ დასავლურ კურსზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს, რომ მხოლოდ და მხოლოდ მრავალფეროვანი მედია გარემოს არსებობაა იმის გარანტი, რომ საზოგადოებამდე თავისუფლად მივიდეს ინფორმაცია, უზრუნველყოფილი იქნეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, რაც აუცილებელია ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად და სამართლიანი არჩევნების ჩატარების უზრუნველსაყოფად, წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული მნიშვნელოვნად იმოქმედებს სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინა და შემდგომ პერიოდში, აუცილებელია დამოუკიდებელი მედიის შენარჩუნება, რომელიც ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, პარტიას თუ ორგანიზაციას მისცემს ეთერზე წვდომის და კრიტიკული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობას. ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ან სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალების შეზღუდვა აქედანვე ეჭვქვეშ დააყენებს 2016 წლის არჩევნების ლეგიტიმაციას.
„პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” მიმართვას თხოვნით საერთაშორისო პარტნიორებს გააძლიერონ ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის საქმის სასამართლო პროცესების მონიტორინგი და კიდევ ერთხელ შეახსენონ საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს თავისუფალი და პლურალისტული მედიის არსებობის მნიშვნელობა. „პაატა ბურჭულაძე – საქართველოს განვითარების ფონდი” კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის და ყველა მედიასაშუალების დამოუკიდებლობას. ” – ნათქვამია განცხადებაში.