რუსული წყალქვეშა ნავები ჩრდილოეთის ზღვაში კაბელებს შეისწავლიდნენ – მათი მისია დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ჩაშალა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა.
ჯონ ჰილის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის ოპერაცია დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა.
ჰილის თქმით, სამეფო საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდი და საპატრულო ვერტმფრენი სამი რუსული წყალქვეშა ნავის „მავნე ქმედებას უთვალთვალებდა“, რის შედეგადაც რუსულმა წყალქვეშა ნავებმა მისია შეწყვიტეს.
„მსურს პრეზიდენტ პუტინს ვუთხრა: ჩვენ გხედავთ და ვაკვირდებით თქვენს აქტივობას ჩვენს კაბელებსა და მილსადენებთან დაკავშირებით. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ მათი დაზიანების ნებისმიერი მცდელობა დაუშვებელია და ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა.
ჯონ ჰილის ცნობით, მილსადენების ან კაბელების დაზიანების მტკიცებულება არ არსებობს, თუმცა დიდი ბრიტანეთი მოკავშირეებთან ერთად წყალქვეშა ინფრასტრუქტურას შეამოწმებს.

