ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში მოქალაქეები აშშ-ს უფრო დიდ საფრთხედ აღიქვამენ, ვიდრე ჩინეთს.
„პოლიტიკოსა“ და beBartlet-თვის ორგანიზაცია Cluster17-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ევროკავშირის ექვსი ქვეყნის მოსახლეობა დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს შეერთებულ შტატებს საფრთხედ და არა მოკავშირედ აღიქვამს.
გამოცემის ცნობით, პოლონეთში, ესპანეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში გამოკითხულთა მხოლოდ 12%-მა მიიჩნია შეერთებული შტატები ახლო მოკავშირედ, ხოლო 36%-მა საფრთხედ შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ ამ ექვს ქვეყანაში ჩინეთს საფრთხედ გამოკითხულთა 29% მიიჩნევს.
ამასთან, გამოკითხულთა 70% რუსეთს „აშკარა მტრად“ აცხადებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, შეერთებული შტატების მიმართ ყველაზე ნეგატიური დამოკიდებულება ესპანეთში აქვთ, სადაც გამოკითხულთა 51% ფიქრობს, რომ ვაშინგტონი ევროპას საფრთხეს უქმნის.
იტალიაში გამოკითხულთა 46%-მა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მათ საფრთხეს უქმნის. ამ პოზიციას იზიარებდა ბელგიელთა 42%, ფრანგების 37% და გერმანელების 30%.
ამასთან, გამოკითვაში გამონაკლისი იყო პოლონეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება და აშშ-თან ალიანსს უსაფრთხოების მთავარ გარანტიად მიიჩნევს. პოლონეთში გამოკითხულთა მხოლოდ 13%-მა თქვა, რომ აშშ საფრთხეს წარმოადგენს.
გამოკითხვა 13-დან 21 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, ექვს ქვეყანაში ჯამში 6 698 მოქალაქე გამოიკითხა.

