ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანმა ჰორმუზის სრუტე ისევ ჩაკეტა – Fars-ი წერს, რომ ეს გადაწყვეტილება ირანმა ისრაელის მიერ ლიბანზე თავდასხმის შემდეგ მიიღო.
გუშინ ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთში ახალი ავიადარტყმები განახორციელეს და მათი სამიზნე “ჰეზბოლას” მეთაური იყო. ამას ირანის გაღიზიანება მოჰყვა. ირანელმა მაღალჩინოსნებმა აშშ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს. ირანის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა სამი პუნქტი დაარღვია, მათ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში, ირანის საჰაერო სივრცის დაურღვევლობა და ურანის გამდიდრების მხრივ ირანის უფლება. “ასეთ ვითარებაში ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ან მოლაპარაკებები არაგონივრულია” – განაცხადა მან. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა კი თქვა: “თუ ირანს სურს, რომ ლიბანის გამო ეს მოლაპარაკებები ჩაიშალოს, რასაც მათთან არაფერი აქვს საერთო, ეს საბოლოო ჯამში მათი არჩევანია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სისულელე იქნებოდა, მაგრამ ეს მათი არჩევანია. […] ვფიქრობ, რომ ლიბანთან დაკავშირებული სიტუაცია გონივრული გაუგებრობაა. არც ჩვენ და არც ისრაელს არ გვითქვამს, რომ ლიბანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ნაწილი იქნებოდა”.
8 აპრილს ტრამპმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-მ და ისრაელმა ირანის დაბომბვა 2-კვირით შეაჩერეს. ირანმა კი ამავე პერიოდში ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გავლის ნებართვა გასცა.

