ირანთან დაკავშირებულმა ერაყულმა შეიარაღებულმა დაჯგუფება „კატაიბ-ჰეზბოლამ“ გატაცებული ამერიკელი ჟურნალისტი შელი კიტლსონი გაათავისუფლა, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, კიტლსონის გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ პენტაგონის, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროსა და ერაყის უზენაესი სასამართლო საბჭოს წარმომადგენლები.
„შვებით ამოვისუნთქეთ, რომ ეს ამერიკელი ახლა თავისუფალია და ვმუშაობთ მის ერაყიდან უსაფრთხოდ გამომგზავრებაზე“, – აღნიშნა რუბიომ.
კატაიბ-ჰეზბოლამ სამშაბათს ადრე განაცხადა, რომ კიტლსონს გაათავისუფლებდა და რომ მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს ერაყი.
Reuters-ს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, რომ მისი გათავისუფლება ერაყის მთავრობისა და რამდენიმე გავლენიანი შიიტი ლიდერის ძალისხმევის შედეგია, რომლებმაც გასამხედროებულ შეიარაღებულ დაჯგუფებაზე ზეწოლა მოახდინეს ჟურნალისტის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.
შელი კიტლსონი მარტის ბოლოს ბაღდადში გაიტაცეს.

