უნგრეთის არჩევნებში ჩარევის უფლება არცერთ უცხო ქვეყანას არ აქვს, – ამის შესახებ უნგრეთის ოპოზიციური პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
პეტერ მადიარი 12 აპრილს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის უნგრეთში ვიზიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„ეს ჩვენი ქვეყანაა. უნგრეთის ისტორია ვაშინგტონში, მოსკოვში ან ბრიუსელში არ იწერება – ის უნგრეთის ქუჩებსა და მოედნებზე იწერება. დარჩენილია ხუთი დღე!“, – წერს მადიარი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი დღეს უნგრეთს ეწვევა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ვენსი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდება და ასევე, ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას.

