აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მივმართავთ ირაკლი კობახიძეს, შეამციროს სახელმწიფო სერვისების საფასური მოქალაქეებისთვის, მინიმუმ 30%-ით და ყველა, ვისაც სოციალური საჭიროება აქვს, სრულად გათავისუფლდეს ამ ტარიფებისგან” – სოფიო ხორგუანი

მივმართავთ ირაკლი კობახიძეს: შეამციროს სახელმწიფო სერვისების საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის, მინიმუმ 30%-ით და ყველა, ვისაც სოციალური საჭიროება აქვს, სრულად გათავისუფლდეს ამ ტარიფებისგან – მივმართავთ მათ, შემოიჭირონ ქამრები და გაუნაწილონ ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს მოქალაქეებს, შეამცირონ სახელმწიფო სერვისების საფასური, – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, სოფიო ხორგუანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ნაბიჯით ხელისუფლება ნაწილობრივ და მყისიერად შეუმსუბუქებს მოქალაქეებს გაძვირებული ცხოვრების წნეხს, დაიწყებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის შესრულებას, ჰქონდეთ მზრუნველი და სამართლიანი სახელმწიფო და მისცემენ ბიზნესს მაგალითს, რომ შესაძლებელია სოციალური პასუხისმგებლობის ტარება.

„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური ძალის საპარლამენტო გუნდი მივმართავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მთავრობის მეთაურს, ირაკლი კობახიძეს – შეამციროს სახელმწიფო სერვისების საფასური საქართველოს მოქალაქეებისთვის, მინიმუმ 30%-ით და ყველა, ვისაც სოციალური საჭიროება აქვს, სრულად გათავისუფლდეს ამ ტარიფებისგან.

ამით ნაწილობრივ და მყისიერად შეუმსუბუქებენ მოქალაქეებს გაძვირებული ცხოვრების წნეხს; დაიწყებენ საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნის შესრულებას, რომ ჰქონდეთ მზრუნველი და სამართლიანი სახელმწიფო; მისცემენ ბიზნესს მაგალითს, რომ შესაძლებელია სოციალური პასუხისმგებლობის ტარება.

ტარიფების ზრდა დაიწყო 2021 წლის სექტემბრიდან და დღეის მონაცემებით გაორმაგებულია. შემდეგი გაძვირება 2022 წლის 1-ელი მაისიდან მოხდა, მორიგი 2023 წლის 10 მარტიდან, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან, ბოლო გაძვირება მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან. 28 იანვარს მოაწერა ხელი ირაკლი კობახიძემ დადგენილებას და სამხარაულის ეროვნული ბიუროს სერვისებიც გააძვირა. თუ პირადობის მოწმობის აღება 2022 წლის 1-ელ მაისამდე ღირდა 30 ლარი, დღეს ღირს 60.

პარლამენტის მიერ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფების გაზრდის ბოლო გადაწყვეტილება ამ დამოკიდებულების დადასტურებაა.

თუ ირაკლი კობახიძის საუბრები გაძვირებულ ფასებზე და ის კომისია, რომელიც პარლამენტში შეიქმნა, მხოლოდ ფარსი არ არის, რომელსაც პროპაგანდისთვის იყენებს, მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ. რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს მთავრობის მეთაური მთავრობის დადგენილებით. მხოლოდ და პირდაპირ მთავრობის პასუხისმგებლობაა სახელმწიფო სერვისებზე ტარიფების შემცირება.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტარიფებს, კანონში ცვლილების ინიცირებაც თავად „ქართულ ოცნებას“ შეუძლია. ვინაიდან, მხოლოდ საკუთარი ინიციატივების მხარდაჭერის გამბედაობა ჰყოფნით.

მოქალაქეს სახელმწიფო ძვირად შეიძლება უჯდებოდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ის სოციალურად ორიენტირებული სახელმწიფოა, სხვა შემთხვევაში ეს ჰიბრიდული, ავტოკრატიული ან დიქტატორული რეჟიმია, – სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ მდიდრებს იცავს, სადაც მხოლოდ უსამართლოდ პრივილეგირებულები სარგებლობენ საერთო სიკეთეებით. ეს მდიდრებიც, ძირითადად, ხალხისა და ქვეყნის ყვლეფის ხარჯზე არსებობენ.

„ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ფლობს აბსოლუტურ ძალაუფლებას, ვერ გაიმეტა მოქალაქეებისთვის ღირსეული პენსია, ღირსეული საცხოვრებელ პირობები და ღირსეული ხელფასიც კი. მათ უარი თქვეს მინიმალური ხელფასის ზღვრის დადგენაზე, რომ ყველაზე დაბალი ხელფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის 1050 ლარით განსაზღვრულიყო.

ამიტომ მივმართავთ მათ, შემოიჭირონ ქამრები და გაუნაწილონ ეკონომიკური ზრდის სიკეთეები საქართველოს მოქალაქეებს, შეამცირონ სახელმწიფო სერვისების საფასური”, – განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

იტვირთბა....