ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და დაუყოვნებლივი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს, – ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც „როიტერი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას.
წყაროს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების დასრულების გეგმა პაკისტანმა შეიმუშავა და ის კონფლიქტის მოსაგვარებლად ორდონიან მიდგომას მოიცავს. მისივე თქმით, პაკისტანის არმიის მეთაური ასიმ მუნირი „მთელი ღამის განმავლობაში“ კონტაქტზე იმყოფებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან, ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან.
წინადადების თანახმად, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაუყოვნებლივ ამოქმედდება, რაც ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას და უფრო ფართო შეთანხმების დასასრულებლად 15–20 დღის ვადას ითვალისწინებს.
შეთანხმება, რომელსაც სავარაუდოდ „ისლამაბადის შეთანხმებას“ უწოდებენ, მოიცავს სრუტის რეგიონულ ჩარჩოს, ხოლო საბოლოო, პირისპირ მოლაპარაკებები ისლამაბადში გაიმართება.
„ყველა ელემენტი დღეს უნდა შეთანხმდეს“, – განაცხადა წყარომ და აღნიშნა, რომ საწყისი შეთანხმება ჩამოყალიბდება ურთიერთგაგების მემორანდუმის სახით, რომელიც პაკისტანის მეშვეობით, ელექტრონულად გაფორმდება. პაკისტანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებების ერთადერთი საკომუნიკაციო არხია.
მანამდე „აქსიოსმა“ კვირას გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატები, ირანი და რეგიონული შუამავლები განიხილავენ პოტენციურ 45-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც ორფაზიანი შეთანხმების ნაწილს, რამაც შესაძლოა, ომის საბოლოოდ დასრულება გამოიწვიოს.

