რუსეთის მიერ კონტროლირებად ლუგანსკის რეგიონში, ბელორეჩენსკაიას მაღაროზე უკრაინის იერიშის შედეგად 41 მაღაროელი მიწისქვეშ დარჩა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკის ლიდერის, ლეონიდ პასეჩნიკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის შედეგად ელექტროქვესადგური დაზიანდა.
„გუშინ ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორეჩენსკაიას მაღაროზე დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც ელექტროქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის გათიშვამ 41 მაღაროელი დააზარალა, რომლებიც ამჟამად მიწისქვეშ იმყოფებიან. მათთან კონტაქტი დამყარდა და მათ სასმელი წყალი მიეწოდებათ. ყველა საჭირო სამსახური ზომებს იღებს მაღაროელების გადასარჩენად და მაღაროში ელექტროენერგიის აღსადგენად“, – აცხადებს პასეჩნიკი.

