გერმანიის საგარეო მინისტრი იოჰან ვადეპული აცხადებს, რომ შეშფოთებულია დონალდ ტრამპის განცხადებებით ნატო-დან გასვლის შესახებ. ვადეპულის შეფასებით, სამყარო კიდევ უფრო გაურკვეველი გახდა.
„ასეთი განცხადებები მაწუხებს. ნატო კოლოსალური მნიშვნელობის მატარებელია გერმანიის უსაფრთხოებისთვის ისევე, როგორც ალიანსის ყველა პარტნიორის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ვადეპულმა ასევე დაიცვა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აშშ-ს პრეზიდენტის კრიტიკისგან.
„ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოდესმე. ჩვენ არ უნდა ვაყენებდეთ ამ ყველაფერს ეჭვქვეშ, პირიქით, ჩვენს მიღწევებს უნდა დავეყრდნოთ“ – აღნიშნა ვადეპულმა.
ვადეპულმა ასევე გამოხატა რწმენა, რომ აშშ-ის ალიანსიდან გასვლის თავიდან აცილება შესაძლებელია.
„მჯერა, რომ ალიანსისადმი ჩვენი მკაფიო ერთგულება და უმტკიცესი მხარდაჭერა აშშ-ს დაარწმუნებს, გააგრძელოს ამ წარმატების ისტორიის ერთად წერა“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

