მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები ბოლო მომენტში გამოეთიშნენ მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას – არ ვიცი, მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს საქართველოსთან გასაყოფი, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ამ მხრივ, საკუთარი წუხილი მეგობრობის ჯგუფის წევრებმაც გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ ეს ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა იყო.
პაპუაშვილი ამბობს, რომ მოლდოვის ხელისუფლების მხრიდან, დელეგაციის ბლოკირების მცდელობა გაუგებარია.
„იცით, რომ მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი არის ვიზიტით საქართველოს პარლამენტში. დღეს გვქონდა შეხვედრა მეგობრობის ჯგუფთან. მინდა მათ მადლობა გადავუხადო რომ ჩამოვიდნენ. ამ ჯგუფის შემადგენლობაში, სხვათა შორის, ასევე გათვალისწინებული იყვნენ მოლდოვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები, ისინი დელეგაციის სიაში იყვნენ. სამწუხაროდ, ბოლო მომენტში გადაიფიქრეს ამ პირებმა დელეგაციაში ყოფნა, რაც სამწუხაროა. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მივესალმებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის, პარლამენტებს შორის დიალოგი იყო. მეგობრობის ჯგუფის წევრებმა ამ მხრივაც საკუთარი წუხილი გამოთქვეს, რომ ბოლო მომენტში მოლდოვის ხელისუფლების წარმომადგენლები გამოეთიშნენ ამ დელეგაციას. საუბრობდნენ, რომ იყო ამ დელეგაციის ბლოკირების მცდელობა, რომ ჩამოსულიყო, რაც ცოტა გაუგებარია. რა არის დასაბლოკი იმაში, რომ საქართველოს პარლამენტში ჩამოვიდეს მოლდოვის პარლამენტის მეგობრობის ჯგუფი?! ეს ხომ არ არის თვითდასახელებული ჯგუფი, ეს არის მოლდოვის პარლამენტის მიერ შექმნილი ჯგუფი, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე. ბლოკირება ცოტა გაუგებარია. არ ვიცი მე, მოლდოვის ხელისუფლებას რა აქვს საქართველოსთან გასაყოფი. მისასალმებელი იქნებოდა, რომ ის ურთიერთობა, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის, ხელი შეეწყოს და რა პირიქით, ხელი შეეშალოს,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი, დეპუტატი იგორ დოდონი, მოლდოვის პარლამენტის წევრებთან ერთად საქართველოს პარლამენტს სტუმრობდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მოლდოველი დეპუტატები მოლდოვას პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფს წარმოადგენდნენ.

