საინფორმაციო ცენტრებს შორის კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრი ხდება – ბაზარზე ახალი კომპანიები ჩნდებიან, რომლებიც ტრადიციულ მოთამაშეებს გაკოტრების საფრთხის წინაშე აყენებენ. “სილქნეტის” შეთავაზებას, რომელმაც ბაზრის ძირითადი მოთამაშეების 08-ისა და 09-ის ტარიფებს 7-ჯერ ნაკლები ფასი დაუპირისპირა, ახალი კომპანია 1616 უფასო სერვისით პასუხობს.
ახალი კომპანიის მომსახურება მომხმარებლისთვის მიმდინარე წლის პირველი თებერვლიდანაა ხელმისაწვდომი. კომპანიის გენერალური მენეჯერი სოფო ღამბაშიძე „კომერსანტთან” აცხადებს, რომ ბაზარზე განსხვავებული სპეფიციკით შემოვიდნენ და მომხმარებელს სხვადასხვა მაღაზიებში არსებული ფასდაკლებების შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას, თუმცა მოგვიანებით გაჩნდა მოთხოვნა თავად მომხმარებლის მხრიდან და საინფორმაციო მომსახურებაც დანერგეს. დღეს *1616 დარეკვისას მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერი მისთვის საინტერესო საჯარო ინფორმაციის მიღება კომპანიების, ფრენების განრიგის, კინოსა და თეატრის აფიშებთან დაკავშირებით. ღამბაშიძე ამბობს, რომ ინფორმაცია გაიცემა როგორც სატელეფონო გასაუბრების, ასევე სმს შეტყობინების საშუალებით აბონენტის მოთხოვნის შესამაბისად და არის უფასო. მისივე თქმით, რადგან ბაზარზე შემოვიდნენ, აქვთ პრეტენზია, რომ მაქსიმალურად ბევრი მომხმარებელი მიიზიდონ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული მონაცემებზე საუბრისგან თუ რამდენი მომხმარებელი გადაიბირეს ბაზარზე არსებული საინფორმაციო ცენტრებისგან, თავს იკავებს. ღამბაშიძე ასევე ამბობს, რომ ჯერჯერობით აკვირდებიან სტატისტიკას . სამომავლოდ *1616 სხვადასხვა სერვისების დამატებასაც განიხილავს.
ქართულ ბაზარზე ამ ეტაპზე სამი საინფორმაციო ცენტრი, 118 08, 118 09 და 118 18 არის წარმოდგენილი. სილქნეტის საინფორმაციო მომსახურება (118 18) ბაზარზე გასული წლიდან მოქმედებს. აქ ინფორმაციის მიღება 18 თეთრად არის შესაძლებელი. საინფორმაციო ცენტრი 09 ბაზარზე 2001 წელს გამოჩნდა და ერთ ინფორმაციას ფიზიკურ პირებს 1,10 ლარად, იურიდიულ პირებს კი 1,30 ლარად აწვდის. რაც შეეხება საინფორმაციო ცენტრ 08-ს, ის 2008 წელს გაიხსნა. მისი ტარიფები შემდეგია: ფიქსირებული ტელეფონიდან დარეკვის შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს 1,18 ლარის, იურიდიულ პირებს კი 1,28 ლარის გადახდა უწევთ. რას შეცვლის ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენა? 08-მ და 09-მ თემის კომენტირებაზე უარი თქვეს.