ირანის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა ამერიკული გამოცემისთვის, Foreign Affairs-სთვის დაწერილ სტატიაში ომის დასასრულებლად სამშვიდობო გეგმა გამოაქვეყნა.
სტატიის მიხედვით, როგორც ზარიფი მიიჩნევს, ირანმა უნდა გამოაცხადოს გამარჯვება და დადოს შეთანხმება, რომელიც ამ კონფლიქტს დაასრულებს.
ირანის საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელის გეგმით, ირანი იღებს ვალდებულებას, არასოდეს შექმნას ბირთვული იარაღი და „შეამციროს“ გამდიდრებული ურანის მარაგი 3,67%-მდე. ეს არის 2015 წლის ბირთვული შეთანხმებით განსაზღვრული დონე.
ამასთან, გეგმის თანახმად, განსაზღვრულია ჩინეთისა და რუსეთის ჩართვა ნებისმიერ შეთანხმებაში, რათა რეგიონში შეიქმნას ურანის გამდიდრების საერთო ობიექტი, სადაც ირანი „გადაიტანს თავის ყველა გამდიდრებულ მასალას“.
როგორც გეგმაშია ნათქვამი, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა მთლიანად უნდა მოხსნან ირანზე დაწესებული სანქციები და ქვეყანას გლობალურ ეკონომიკაში სრულყოფილი მონაწილეობის საშუალება მიეცეს.
გეგმა ითვალისწინებს ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნას, თუმცა, იმ პირობით, რომ აშშ ირანს ამ სტრატეგიული საზღვაო გზის გამოყენების უფლებას მისცემს.
როგორც ჯავად ზარიფის გეგმაშია აღნიშნული, ირანი და აშშ ხელს მოაწერენ თავდაუსხმელობის პაქტს, რომლითაც ორივე ქვეყანა პირობას დებს, რომ მომავალში ერთმანეთს თავს არ დაესხმებიან.
Foreign Affairs-ის წერს, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გამოეხმაურება ამ წინადადებას აშშ-ის პრეზიდენტი, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ზარიფმა ტრამპის წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი გეოპოლიტიკასა და ბირთვულ ტექნიკურ საკითხებში სრულიად გაუნათლებლებად მოიხსენია.
მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზარიფი აღნიშნულ სტატიას Foreign Affairs-ში ვერ გამოაქვეყნებდა, ირანის ხელმძღვანელობის უფროს წარმომადგენლებთან ძირითადი პოზიციების წინასწარი შეთანხმების გარეშე, რაც ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, ეს იყოს ის ძირითადი მოთხოვნები რაც ირანის ხელისუფლებას აქვს.

