აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზანგეზურის დერეფანში ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ შემადგენლობაში შემავალი საავტომობილო გზა 90%-ით მზად არის, ხოლო რკინიგზა – 70%-ით” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ზანგეზურის დერეფანში ე.წ. „ტრამპის მარშრუტის“ შემადგენლობაში შემავალი საავტომობილო გზა 90%-ით მზად არის, ხოლო რკინიგზა – 70%-ით – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მთავრობის მეთაურთა შეხვედრაზე განაცხადა.

„რაც შეეხება ზანგეზურის დერეფნის რეალიზაციას, იქ საავტომობილო გზა თითქმის 90 პროცენტით არის მზად, ხოლო რკინიგზა – დაახლოებით 70%-ით. იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში ეს პროექტი სრულად იქნება რეალიზებული“ – განაცხადა მან.

მისივე თქმით, თურქეთში ყარსი-ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა დაიწყო.

„ამგვარად, ამ პროექტების ურთიერთქმედება და კოორდინირებული განხორციელება ახალ მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანს გახსნის“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ზანგეზურის დერეფანი, რომელსაც 2025 წლის აგვისტოში, თეთრ სახლში გამართული სამიტის შემდეგ „ტრამპის მარშრუტი“ [TRIPP] ეწოდა მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ძირითადი ნაწილის დაკავშირებას მის ექსკლავთან – ნახჭევანთან, სომხეთის ტერიტორიის გავლით.

2025 წლის აგვისტოში, თეთრ სახლში ტრამპის შუამავლობით, აზერბაიჯანმა და სომხეთმა შეთანხმებას მოაწერეს. შეთანხმების თანახმად, სომხეთმა აშშ-ს გადასცა დერეფნის განვითარების 99-წლიანი ექსკლუზიური უფლება. მარშრუტი მოიცავს რკინიგზას, საავტომობილო გზას, ნავთობისა და გაზის მილსადენებს, ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს. ტერიტორია სომხეთის სუვერენიტეტის ქვეშ რჩება და მასზე სომხური კანონმდებლობა ვრცელდება, თუმცა ინფრასტრუქტურას ამერიკული კონსორციუმი ავითარებს.

იტვირთბა....