აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია – მას რომ ეს განცხადება ქართულ კონტექსტში გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, ჩვენი რეაგირება იქნებოდა” – თენგიზ შარმანაშვილი

ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია – ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ირანის ელჩს ეს განცხადება ქართულ კონტექსტში რომ გაეკეთებინა, ხელისუფლების რეაგირება იქნებოდა.

„ირანის ელჩს საქართველო არ უხსენებია. ირანის ელჩი ლაპარაკობდა თავისი ქვეყნის პოზიციაზე, რომ ვინც ჩაერია მის საწინააღმდეგოდ, ისინი პოლიტიკურ ფასს გადაიხდიან. ეს მას რომც არ განეცხადებინა, ვიცით. ყოველდღე ვუყურებთ საუდის არაბეთს და გაერთიანებულ ემირატებს როგორ ესვრიან რაკეტებს. მას რომ გაეკეთებინა ეს განცხადება ქართულ კონტექსტში, რა თქმა უნდა ჩვენი, რეაგირება იქნებოდა. მან უბრალოდ გამოხატა თავისი ქვეყნის პოზიცია და დამოკიდებულება, რომ ის ქვეყნები, ვინც ასე გააკეთებენ, პოლიტიკურ ფასს უკვე იხდიან, მომავალში კი არ გადაიხდიან, უკვე იხდიან. ეს ფაქტია და ამას ვუყურებთ”, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ ეს განცხადება უკავშირდებოდეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან, მარკო რუბიოს შორის შემდგარ ზარს, შარმანაშვილმა უპასუხა, რომ „არა, ეს არის საბავშვო წარმოდგენები დიპლომატიაზე“.

„ახლა დროში რაც დაემთხვა, ამის გამო ელჩი დაიბარო და ესაუბრო და იმან გიპასუხოს, რომ მე საქართველოზე სიტყვა არ ამომიღიაო, რას უპასუხებთ? ვერაფერს, ხომ? ამიტომ, ეს ასე არ ხდება. სადაც საქართველო პირდაპირ არ იყო ნახსენები, რა თქმა უნდა, იმაზე პასუხსაც ვერ მოსთხოვ. ის გეტყვის, რომ ჩემი ქვეყნის პოლიტიკური პოზიცია გამოვხატე და გავაცანი ქართულ საზოგადოებასო და ვერაფერს ეტყვი. თუ ვინმე, ვინც არ უნდა იყოს, საქართველოს წინააღმდეგ პირდაპირ გადადგამს ნაბიჯს, სადაც მითითებული იქნება ან მუქარა, ან რაღაც მცდელობა იმისა, რომ ზეწოლა მოახდინოს, რეაგირება იქნება მყისიერი”, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა სეიედ ალი მოჯანმა, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავს, რომ “როცა ზოგიერთი ქვეყანა, უნებლიეთ ან ნაჩქარევად საკუთარ სივრცესა და ტერიტორიას გარე ავანტიურისტებს უთმობს, ამის ფასს ადრე თუ გვიან, ქვეყნის შიგნითვე იწვნევს – ვინც ტრამპს მხარი აუბეს, იძულებულნი არიან, ამის ფასი გადაიხადონ”.

იტვირთბა....