ბელგრადის უნივერსიტეტში ჩხრეკა ჩატარდა, რამაც ასობით სტუდენტის უკმაყოფილება გამოიწვია. ჩხრეკის ჩატარება მიზეზი გახდა 25 წლის სტუდენტი გოგონას გარდაცვალება, რომელიც 26 მარტს შენობის ფანჯრიდან გადმოვარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, სტუდენტების დემონსტრაცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა, სამართალდამცავებმა აქცია ხელკეტების გამოყენებით დაშალეს.
უნივერსიტეტის რექტორმა, ვლადან ჯოკიჩმა განაცხადა, რომ პოლიცია უნივერსიტეტის შენობაში დოკუმენტების საძებნელად კანონიერი ნებართვის გარეშე შევიდა და კომპიუტერები დალუქა.
„შეგიძლიათ უნივერსიტეტის შენობაში ჩხრეკა, მაგრამ ხალხის სინდისის ჩხრეკა არ შეგიძლიათ“, – განაცხადა რექტორმა.
სერბეთის პოლიციის ხელმძღვანელმა, დრაგან ვასილიევიჩმა განაცხადა, რომ ოფიცრები სასამართლოს ბრძანებით მოქმედებდნენ, როდესაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში შევიდნენ სტუდენტის გარდაცვალებასთან დაკავშირებული მტკიცებულებების მოსაძიებლად.
დრაგან ვასილიევიჩის თქმით, პოლიციამ ჩხრეკის დროს აღმოაჩინა ფოიერვერკები, რაციები, გაზის ნიღბები, ბანერები და პირველადი დახმარების საშუალებები.
რაც შეეხება 25 წლის გოგონას გარდაცვალებას, მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ის 26 მარტის ღამეს ფილოსოფიის ფაკულტეტის მეხუთე სართულის ფანჯრიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, სტუდენტის გადმოვარდნამდე მეხუთე სართულზე რამდენიმე აეროზოლი და ფეიერვერკი დაინახეს.

