აშშ-ში ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა დონალდ ტრამპის დირექტივა, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოებრივ რადიო NPR-ისთვის და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-სთვის სახელმწიფო დაფინანსების შეჩერებას. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.
აშშ-ის საოლქო მოსამართლის, რენდოლფ მოსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2025 წლის მაისში ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება უკანონოა.
გასული წლის მაისში დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც საზოგადოებრივ რადიო NPR-ს და საზოგადოებრივ მაუწყებელ PBS-ს სახელმწიფო დაფინანსება შეუჩერა. დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ასევე წყვეტდა PBS-ისა და NPR-ის არაპირდაპირ დაფინანსებას.
ტრამპი და მისი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ აღნიშნული მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა მიკერძოებით გამოირჩევა და, შესაბამისად, არ უნდა ფინანსდებოდეს გადასახადის გადამხდელთა თანხებით.
მოსამართლემ განაცხადა, რომ აღნიშნული აღმასრულებელი ბრძანება ეწინააღმდეგება აშშ-ის კონსტიტუციის პირველ შესწორებას, რომელიც კრძალავს შეხედულებების საფუძველზე დისკრიმინაციას. როგორც რენდოლფ მოსმა აღნიშნა, „ძნელია წარმოიდგინო უფრო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ხელისუფლების ქმედება მიმართულია იმ შეხედულებების ჩასახშობად, რომლებიც პრეზიდენტს არ მოსწონს“.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა, აბიგეილ ჯექსონმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ ეს არის „აქტივისტი მოსამართლის მცდელობა, ძირი გამოუთხაროს კანონს.“
როგორც მედია წერს, მიუხედავად გადაწყვეტილებისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, რა გავლენას მოახდენს ის NPR-ისა და PBS-ის საქმიანობაზე, რადგან მოსალოდნელია გადაწყვეტილების გასაჩივრება.

