უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ სერგეი ლავროვთან მუშაობაში ცუდს ვერაფერს ხედავს. სიიარტომ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც მედიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მისი საუბრების აუდიოჩანაწერები გავრცელდა.
სიიარტოს მტკიცებით, მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ, უნგრელი ჟურნალისტების აქტიური დახმარებით, უცხოური დაზვერვის სამსახურები მის სატელეფონო საუბრებს ისმენდნენ.
„დღეს „დაზვერვის აგენტებმა“ კიდევ ერთი „მნიშვნელოვანი აღმოჩენა“ გააკეთეს: მათ დაამტკიცეს, რომ საჯაროდ იმავეს ვამბობ, რასაც ტელეფონით. შესანიშნავი სამუშაოა! ჩვენ ასევე უამრავჯერ განვაცხადეთ, რომ არასდროს დავუშვებთ სანქციების დაწესებას იმ პირების ან კომპანიების მიმართ, რომლებიც მნიშვნელოვანია უნგრეთის ენერგომომარაგების უსაფრთხოებისთვის ან მშვიდობის მისაღწევად, ან იმ პირების მიმართ, ვისთვისაც უბრალოდ არ არსებობს საფუძველი ან გამართლება სანქციების სიაში შეტანისთვის“, – წერს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
ცნობისთვის, მედიაში სერგეი ლავროვსა და პიტერ სიიარტოს შორის საუბრების აუდიოჩანაწერები გამოქვეყნდა. ერთ-ერთი საუბარი რუსი ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვის დის, გულბაჰორ ისმაილოვას წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მოხსნის ლობირებას ეხებოდა.
იქამდე „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პიტერ სიიარტო რეგულარულად აწვდიდა სერგეი ლავროვს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა განიხილებოდა ევროკავშირის შეხვედრებზე, ასევე ინფორმაციას პოტენციური გადაწყვეტილებების შესახებ.

