ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქვს თუ არა მუდმივი კომუნიკაცია ქუცნაშვილს მოშიმშილე პროფესორებთან

„მეტრონომის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილთან

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ შიმშილობის აქცია მართულია და მას პარლამენტის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მართავს.

„კარგად ვიცი, ვინც მართავს ამ პროცესს. ზაქარია ქუცნაშვილმა ჯერ კიდევ დეკემბერში გააკეთა განცხადება, ფრანგიშვილს რექტორად თავისი კანდიდატურის მესამედ წამოყენების უფლება არ აქვსო. არადა მაშინ თავადაც არ მქონდა ჩემი გეგმები ჩამოყალიბებული. ვიცი, რატომ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ ეს კამპანია, მაგრამ დაკონკრეტებისაგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ. ქუცნაშვილს მოშიმშილეებთან აქტიური კონსულტაციები აქვს. ამას არც თავად მოშიმშილე პროფესორები მალავენ. ტექნიკურ უნივერსიტეტში სხვადასხვა ძალის ინტერესი იკვეთება, მათ შორის, პოლიტიკოსებისაც. მაისში სასამართლო ჩატარდება, ამიტომ არ მინდა ჩემი განცხადებებით სასამართლო პროცესზე გავლენა მოვახდინო. ერთს კი ვიტყვი – ტექნიკურ უნივერსიტეტში გაცილებით დიდი ჯგუფია ჩართული, ვიდრე თსუ-ში იყო.“ – ამბობს ფრანგიშვილი.

“მეტრონომთან” საუბარში ქუცნაშვილი “თვითმარქვია” რექტორის განცხადებას უსაფუძვლოს უწოდებს. პარლამენტის წევრი ფრანგიშვილს თანხების უკანონოდ გაფლანგვაშიც ადანაშაულებს.

სანამ ფრანგიშვილის განცხადების კომენტირებას დაიწყებდა, მანამდე ბატონი ქუცნაშვილისგან ბრალდების მისეული განმარტება მოვისმინეთ.

ზაქარია ქუცნაშვილი: სიტყვა ბრალდება ნიშნავს დანაშაულის დაბრალებას.

„მეტრონომი“: ფრანგიშვილი ამტკიცებს, რომ თქვენ როგორც პოლიტიკოსი ერევით უნივერსიტეტის საქმეებში.

– დანაშაული რაში ვლინდება? რა უკანონო მოქმედებაში გამოიხატება?

– თუ ფრანგიშვილს დავუჯერებთ პოლიტიკოსი ცდილობს უნივერსიტეტის, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს შიდა საქმეებში ჩარევას…

– ვინმეს დანიშვნაში, ბუღალტერიაში თუ სხვა საკითხებში ჩავერიე…

– მოშიმშილე პროფესორები აცხადებენ, რომ თქვენთან კომუნკაცია ჰქონდათ…

– პროფესორების ქმედება თავიდან ბოლომდე კანონიერია. ყველას აქვს გაფიცვის უფლება. მაგ თვითმარქვია რექტორს თუ კვალიფიკაციური ჟურნალისტი ხართ შეგიძლია დაუსვათ კითხვა, რაიმე უკანონო ქმედება ჩაიდინეს ამ პროფესორებმა? თუ ამ პროფესორებმა უკანონო ქმედება ჩაიდინეს, რა თქმა უნდა, მათ გვერდით დგომა უკანონოა. შიმშილობა ან გაფიცვა დანაშაულის შემცველია? მე ვქომაგობ საქართველოს საინჟინრო საზოგადოებას და მიმაჩნია, რომ ინჟინერის პროფესია საქართველოს განვითარების აუცილებელი პირობაა. მესამე, ნახევარ მილიარდზე მეტი დახარჯა მაგ თვითმარქვია რექტორმა. ნახევარ მილიარდზე მეტმა გაიარა ამ ადამიანის ხელში. ეტყობა ტექნიკურ უნივერსიტეტს ნახევარმილიარდიანი ხარჯების გაღება? საჯარო სამსახურის მოღვაწეობის მთვარი პრინციპი კანონიერების დაცვაა. კანონიერების დაცვა კიდევ გულისხმობს იმას, რომ არავის არ აქვს უფლება მესამე ვადით საკუთარი თავი აარჩევინოს. თვითმარქვია რექტორმა კანონიც არ იცის, როდესაც იძახის, ჩემს საქმეებში ნუ ერევაო, მაგას საკუთარი შ.პ.ს ჰქონია ტექნიკური უნივერსიტეტი?

– თქვენ პროფესორების პროტესტის უფლებით აპელირებთ. ამ პროფესორებს არც არავინ ერჩის. მათ ეძლევათ პროტესტის გამოხატვის საშუალება…

– აბა ზაქარიასგან რაღა გინდათ? არ აქვს ზაქარიას უფლება კანონიერი უფლებების დაცვაში მიეხმაროს მოქალაქეებს? ჩემი თხოვნაა თუ კომპეტენციაზე გაქვთ პრეტენზია, გადაამოწმეთ ეს ფაქტები, რასაც გეუბნებით და თქვენი სარედაქციო მოსაზრება გამოთქვით.

– თქვენ თქვით, რომ მას უფლება არ აქვს კანდიდატურა მესამედ წამოაყენოს. ფრანგიშვილი აცხადებს, რომ სამან ამ პოსტზე მესამედ წამოყენების შესახებ გადაწყვეტილებაზე საერთოდ იფიქრებდა, თქვენ მანამდე საუბრობდით ამ საკითხის უკანონობაზე.

– იმიტომ ვსაუბრობდი, რომ ვიცი ამ თვითმარქვია ძალაუფლებაზე შეყვარებული ადამიანების ხასიათი. მათ ჰგონიათ, რომ მთელი ცხოვრება უნდა იყვნენ რექტორები. 75 მილიონია ტექნიკური უნივერსიტეტის ყოველწლიური ხარჯების მოცულობა, ამას გარდა 200-მილიონიან აქტივს ფლობს უნივერსიტეტი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ათასეულში არ შედის უნივერსიტეტების რეიტინგში. თქვენ კიდევ ქომაგობთ იმ ადამიანს რომელმაც კანონებიც კი არ იცის.

– ბატონო ზაქარია ჩვენ არავის ვქომაგობთ. მეტიც, გაძლევთ შესაძლებლობას პოზიცია დააფიქსიროთ.

– თუ ვიღაც კანონიერი ფორმით გამოხატავს პროტესტს მათ გვერდით დგომა დანაშაულია?

– თქვენ განათლების სისტემა და რეიტინგი ახსენეთ. საქართველოში მოქმედ სხვა უნივერსიტეტებში მსგავსი ვითარებაა. სტუდენტები მუდმივად საუბრობენ განათლების ხარისხის დაბალ დონეზე. საინტერესოა, სხვა უნივერიტეტების საკითხებითაც თუ  დაინტერესებულხართ?

– იმ უნივერსიტეტებში მესამე ვადით თავისი თავი არავის არ შეუთავაზებია. რაგინდ კარგი რექტორი იყო, მესამე ვადით რექტორობის უფლება მაინც არ გაქვს.

– ანუ თქვენ პრეტენზიები ვადებთან დაკავშირებით გაქვთ. თუ რექტორი ვერ ართმევს ნაკისრ ვალდებულებებს თავს, ვადას რა მნიშვნელობა აქვს, არ შეიძლება მისი გადადგომა მეორე, ან პირველი ვადის პირობებში მოვთხოვოთ პასუხი… თუნდაც პროტესტის უკიდურესი ფორმით, რასაც დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორების მიმართავენ.

– ეს უკვე არაადეკვატური შეკითხვაა…

 

მარიამ ვარადაშვილი

 

იტვირთბა....