“ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანონსი მომხდარიყო სწორედ 31 მარტს, რომელიც არის დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე – მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლითაც უპასუხა შეკითხვას დაანონსებულ „ეროვნულ მობილიზაციასთან“ დაკავშირებით.
როგორც მან აღნიშნა, „მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი არის ძალიან აქტიური და ძლიერი, მნიშვნელოვანია მისი გაფართოება, არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს თითოეულ რეგიონში“.
„დღეს „ოპოზიციის ალიანსმა“ დააანონსა ეროვნული მობილიზაციის კამპანია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ანონსი მომხდარიყო სწორედ 31 მარტს, რომელიც არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი, ისტორიული და სიმბოლური დღეა. მიგვაჩნია, რომ ახლაც საქართველოს დამოუკიდებლობა დგას სწორედ საფრთხის წინაშე და შესაბამისად, ახლაც ერთგვარად რეფერენდუმია ჩვენი დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად. იმისთვის, რომ დამოუკიდებლობა შევინარჩუნოთ, არ დავკარგოთ მრავალი თაობის მიერ მოპოვებული დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა და თავისუფლება და ის გადავცეთ შემდგომ თაობებს წარმატებით. ამისთვის აუცილებელია ეროვნული მობილიზაცია, საქართველოს თითოეული მოქალაქის გააქტიურება, მათთან მისვლა, ჩართვა საპროტესტო მოძრაობაში. მიუხედავად იმისა, რომ საპროტესტო მუხტი არის ძალიან აქტიური და ძლიერი, მნიშვნელოვანია მისი გაფართოება, არამხოლოდ თბილისში, არამედ ასევე საქართველოს თითოეულ რეგიონში“,- განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.

