იმედია, მარკო რუბიოს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით, – ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
როგორც შარმანაშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა.
ამასთან, მისივე შეფასებით, შეუძლებელია, აშშ-ს სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს, სამხრეთ კავკასია კი საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია.
„მართალია, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობის აღდგენა სწრაფი ტემპით არ მიმდინარეობს, მაგრამ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მხრიდან ეს სერიოზული ნაბიჯია. მან საქართველოსთან ურთიერთობის ინტერესი გამოხატა. ეს ინტერესი ადრეც გამოხატეს და ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტებიც იყო ამერიკაში. იმედია, მარკო რუბიოს ეს ზარი მიმდინარე პროცესს კიდევ უფრო დააჩქარებს და ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობის რეჟიმს დავუბრუნდებით. შეუძლებელია, ამერიკას სამხრეთ კავკასიის ინტერესი არ ჰქონდეს. კარგად იცით, რომ სამხრეთ კავკასია საქართველოს გარეშე წარმოუდგენელია. ამიტომ, ამერიკის მხრიდან ეს ინტერესი მისაღები და გასაგებია. პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა, რომ საქართველო მზად არის, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სტრატეგიული ურთიერთობა და კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიყვანოთ, ვიდრე მანამდე იყო. რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ვინმესთვის ყურის აწევა უნდა, არც ტრამპი დაინდობს ხოლმე ვინმეს და არც რუბიო. მათ ხელის წაშველება არ სჭირდებათ. თუ რაიმე სათქმელი ექმებოდათ, თავად იტყოდნენ და არც მოერიდებოდათ. რა თქმა უნდა, ეს არ მომხდარა – არავითარი ყურის ასაწევად და შენიშვნებისთვის არ დაურეკავთ, პოზიციები მოსინჯეს, სხვადასხვა საკითხის თაობაზე. ითქვა კიდეც, რომ განხილვის თემა შავი ზღვის აუზის თემებიც იყო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ინტერესის სფეროები, მათ შორის კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოება. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან პროდუქტიული სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მხარეებმა „პარტნიორობის გადატვირთვისა“ და კავკასიის რეგიონში საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს.

