პოლონეთი უკრაინის საზღვარზე ელექტრონული ბარიერის აშენებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
როგორც RMF24 წერს, ბარიერის აშენების გადაწყვეტილება მიღებულია „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შეიარაღებული აგრესიით გამოწვეული საფრთხის“ საპასუხოდ. პროექტი განხორციელდება მდინარე ბუგთან, ორ ქვეყანას შორის საზღვარზე.
მედიის ცნობით, პროექტის ღირებულება დაახლოებით 450 მილიონ ზლოტს (120 მილიონ დოლარს) შეადგენს. არსებული ინფორმაციით, იგი მოიცავს მიწისქვეშა კაბელების მონტაჟს სეისმური სიგნალების აღმოჩენისთვის, ასევე ბოჭკოვანი ოპტიკური და ელექტროგადამცემი კაბელების განთავსებას.
ამასთან, მედიის ცნობით, ახალი სისტემიდან მიღებული ყველა მონაცემი პირდაპირ სასაზღვრო უწყებების შტაბ-ბინაში არსებულ მონიტორინგის ცენტრში გადაიგზავნება, სადაც მას სასაზღვრო დაცვის თანამშრომლები გააანალიზებენ.
RMF24-ის ცნობით, ბარიერი შექმნილია არა მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრევენციისთვის, არამედ ნებისმიერი ინციდენტის დროული იდენტიფიცირებისა და მასზე რეაგირების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რაც ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება.

