აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე – დოკუმენტში 305 შესწორება შევიდა

ევროპარლამენტის ანგარიში საქართველოზე – დოკუმენტში 305 შესწორება შევიდა. თუკი საბაზისო დოკუმენტი უმთავრესად ადამიანის უფლებებს და პოლიტიკურ პროცესებს ეხებოდა, შესწორებებში ჩნდება კონკრეტული საკითხები, მათ შორის სანქციები.

თუ თავდაპირველ დოკუმენტში ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებს, შეუერთდეს რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და აღასრულოს საქართველოს ტერიტორიაზე, შესწორებებში უკვე ჩნდება კონკრეტული შეშფოთება ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში რუსული ნავთობის შესაძლო გადამუშავებაზე, რომელითაც ევროპარლამენტი აგზავნის მკაფიო სიგნალს, რომ ის აკვირდება ყურადღებით საქართველოში ინფრაქსტრუქტურულ ობიექტებს, რომლებიც, შესაძლოა,  სანქციების გვერდის ავალაში გამოიყენებოდეს. 

გარდა ამისა შესწორებებში მოთხოვნილია მკაცრი მონიტორინგი იმ საქონელზე, რომელიც შესაძლოა საქართველოდან მოხდეს რუსეთში და მათ სასარგებლოდ სამხედრო მიზნებისთვის იქნეს გამოყენებული.

“გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას იმ ცნობების გამო, რომ რუსული ნედლი ნავთობი იგზავნება შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ყულევის ახლად აშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში; მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეაჩეროს და აღკვეთოს ნებისმიერი მსგავსი საქმიანობა და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურა არ იყოს გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის ხელშესაწყობად;
გამოთქვამს დამატებით შეშფოთებას საქართველოში მოქმედი ირანის რეჟიმთან დაკავშირებული ეკონომიკური აქტორების მზარდი გავლენის გამო; ხაზს უსვამს, რომ ასეთი აქტორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ ფინანსური სანქციების გვერდის ასავლელად, ფულის გასათეთრებლად და ირანული საქონლის უკანონო ექსპორტისთვის რაც სარგებელს მოუტანს როგორც ირანის, ასევე „ქართული ოცნების” რეჟიმებთან დაკავშირებულ აქტორებს კორუფციისა და დამახინჯებული სახელმწიფო ტენდერების გზით,” – ვკითხულობთ დოკუმენტის შესწორებებში.

კიდევ ერთი შესწორება ეხება ქიმიური ნივთიერების გამოყენებას. ახალი პუნქტით, ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს, რომ მოხდეს ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესწავლა და ასევე ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართავენ, ეს თემა შეისწავლონ.

“გამოხატავს ღრმა შეშფოთებას 2025 წლის ნოემბერში BBC-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიგნიბებთან, დაკავშირებით, რომელიც იკვლევს 2024 წლის ნოემბერ/დეკემბრის დემონსტრაციების დროს საქართველოს პოლიციის სავარაუდო ქიმიური იარაღის გამოყენებას მომიტინგეების წინააღმდეგ; გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებულ არასაკმარის, ოთხდღიან გამოძიებას და უსვამს ხაზს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების გადაუდებელ საჭიროებაზე; მოუწოდებს გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ჩაატაროს ამ საკითხის შესწავლა და მოუწოდებს წევრ სახელმწიფოებს მიმართონ ამ საქმის შემდგომი გამოძიებისთვის,” – წერია დოკუმენტის შესწორებებში.

კრიტიკულ დოკუმენტში საუბარია ადამიანის უფლებებზე, პოლიტიკურ პატიმრებზე და ძალადობის გამოძიებაზე. ასევე საჭიროდ მიიჩნევენ დიდი ბრიტანეთის სანქციების ასახვას ევროკავშირის სახელმწიფოებში.

იტვირთბა....