ბურთი ნატოს მოედანზეა – ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი ნატოს გენერალური მდივნის მიერ მომზადებულ ანგარიშში გაჩენილ ახალ ჩანაწერს საქართველოს შესახებ.
პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ ნაკისრ ვალდებულებებს თავად ზედმიწევნით ასრულებენ და “პრობლემა ნატოშია”.
“პრობლემა არის ნატო-ში და არა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ამერიკასთან დაკავშირებითაც. თქვენ ნახეთ აშშ-ის პრეზიდენტის განცხადება, რომ იმ ყველაფრის ფონზე, რაც აშშ-მა გააკეთა ნატო-სთვის, ნატო არაფერს არ აკეთებს აშშ-ისთვის. ასევე, ჩვენც შეგვიძლია ვთქვათ – იმის ფონზე, რაც საქართველომ გააკეთა ნატო-სთვის სხვადასხვა მისიაში მონაწილეობით, თვითონ რომ არ მიდიოდნენ, ესტონეთები, ლატვიები და ლიეტუვები 50-50 კაცით რომ იყვნენ ავღანეთში და ჩვენ ვიყავით 1500-ით, ამის სანაცვლოდ ჩვენ ვერ ვხედავთ ადეკვატურ პასუხებს. ასე რომ, ბურთი არის მთლიანად, სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე და თავად უნდა ჩამოყალიბდნენ, რა უნდათ საკუთარი ალიანსისგან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანსის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ჩანაწერი საქართველოს შესახებაც არის. ანგარიშში ნათქვამია, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა იქნას აღიარებული. მარკ რუტემ საქართველოს მოუწოდა პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

