თუ სტაბილური მდგომარეობა არ შეიქმნა, რა თქმა უნდა, სარესტორნო მომსახურებაზე ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება, – ამის შესახებ „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, შოთა ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რითაც განმარტა, რა გავლენას მოახდენს სარესტორნო ინდუსტრიაზე ხილ-ბოსტნეულზე ფასის მოსალოდნელი მატება, რის შესახებაც „ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ხოლო ხორცზე ფასის მინიმუმ 10%-ით გაზრდასთან დაკავშირებით „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა გააკეთეს განცხადება.
ამავე დროს, როგორც შოთა ბურჯანაძემ აღნიშნა, გარკვეული ცვალებადობა არის მოსალოდნელი, მაგრამ არა ისეთი, რომ მომხმარებლისთვის ეს მიუღებელი გახდეს.
„ტენდენცია, რომელიც ახლა არის ქვეყანაში, რა თქმა უნდა, პროდუქციაზე ფასის ზრდას განაპირობებს. იქიდან გამომდინარეც, რომ ზოგადად იზრდება საწვავზე ფასიც. ჩვენი ქვეყნისთვის დადებითი მომენტია ის ფაქტი, რომ გაზაფხულის დადგომასთან და ზაფხულთან ერთად მცირდება ექსპორტი და ადგილობრივი პროდუქცია გამოდის ბაზარზე, შესაბამისად ბოსტნეულზე ფასი იწევს. აქედან გამომდინარე, გარკვეული ცვალებადობა არის მოსალოდნელი, მაგრამ არა ისეთი, რომ მომხმარებლისთვის ეს მიუღებელი გახდეს.
თუ სტაბილური მდგომარეობა არ შეიქმნა, რა თქმა უნდა, ფასის ზრდა გარდაუვალი იქნება. ჩვენი ქვეყნისთვის ხორცპროდუქტებზე ფასის ზრდა ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელია. ზაფხულში, ცოცხალი ხორცი გადის ქვეყნიდან ექსპორტზე და იმპორტირებული ბოსტნეული იკლებს, ადგილობრივი წარმოება იზრდება და ეს შესაბამისად ასტაბილურებს მდგომარეობას.
გარე ფაქტორებია, რომელიც განმსაზღვრელია ჩვენი შიდა მოხმარების პროდუქციის ფასებზე, რა თქმა უნდა, წინასწარ ვერ ვიტყვით, რა მდგომარეობა იქნება“, – აღნიშნავს შოთა ბურჯანაძე.

