„ევრონიუსის“ ცნობით, დონალდ ტრამპმა „ნასას“ დაავალა, მთვარეზე მუდმივი ბაზა 2030 წლამდე აშეენოს. როგორც ცნობილი გახდა, ამერიკის აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსის ადმინისტრაცია (ნასა), ცვლის კოსმოსური კვლევის სტრატეგიას და ამზადებს ახალ გეგმებს ადამიანების მთვარეზე დაბრუნებისა და მუდმივი ბაზის შესაქმნელად.
„ნასას“ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დააჩქარებენ მთვარესთან დაკავშირებულ მისიებს, მათ შორის ბირთვული ენერგიაზე მომუშავე ხომალდების გამოცდას. მათ ასევე წარმოადგინეს სამომავალო პროგრამები, რათა ამ სფეროში აშშ-ის ლიდერობა შეინარჩუნონ.
ეს ცვლილებები წარმოადგენს „ნასას“ მცდელობას, სააგენტოს საქმიანობა შეუსაბამოს კოსმოსში აშშ-ის ეროვნული პოლიტიკას. ეს პოლიტიკა, ავალდებულებს „ნასას“, დააბრუნოს ასტრონავტები მთვარეზე, შეცვალოს ქვეყნის როლი კომერციულ კოსმოსურ ოპერაციებში და იყოს მსოფლიო ლიდერი კოსმოსის კვლევებში.
„ნასამ“ ასევე წარადგინა ეტაპობრივი გეგმა მთვარეზე მუდმივი ბაზის ასაშენებლად. საწყის ეტაპზე დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე იგეგმება მთვარემავალების, ინსტრუმენტებისა და ტექნოლოგიების გაგზავნა და შესწავლილი იქნება ენერგიის გენერირების შესაძლებლობები.
მეცნიერები ასევე შეისწავლიან, როგორ იმუშავებს მთვარეზე კომუნიკაცია და ნავიგაცია. შემდეგ ეტაპზე იგეგმება საცხოვრებელი სტრუქტურების აშენება და რეგულარული მიწოდებების უზრუნველყოფა. ეს მოიცავს თანამშრომლობას იაპონიის კოსმოსურ სააგენტოსთან.
საბოლოო ეტაპზე კი მთვარეზე იგეგმება უფრო დიდი აღჭურვილობის და ადამიანების გაგზავნა, რათა მოკლევადიანი ვიზიტების ნაცვლად მთვარეზე მუდამ იმყოფებოდნენ ადამიანები და უზრუნველყოფილი იყოს ბაზის ფუნქციონირება.
ამისათვის სააგენტომ უკვე გააფორმა პარტნიორობები იტალიასა და კანადასთან და გეგმავს დამატებითი შეთანხმებების გაფორმებას საცხოვრებელი მოდულების, პლანეტის ზედაპირული გადაადგილების საშუალებებისა და ლოგისტიკის განვითარების მიმართულებით.
„ევრონიუსის“ ცნობით, ტრამპის მიერ დეკემბერში ხელმოწერილი აღმასრულებელი ბრძანება ავალდებულებს „ნასას“, 2030 წლამდე შექმნას მთვარეზე მუდმივი ბაზა, რაც უზრუნველყოფს პლანეტაზე ადამიანებია ხანგრძლივად ყოფნას და ეს ასევე ხელს შეუწყობს მარსზე დაგეგმილ სამომავლო მისიებს.
ამასთან, „ნასა“ აჩერებს Gateway-ის კოსმოსური სადგურის გეგმას, რათა ყურადღება გაამახვილოს მთვარეზე მუდმივი ბაზის მშენებლობაზე.
Gateway, რომლის გაშვებაც 2027 წელს იგეგმებოდა, უნდა ყოფილიყო პლატფორმა ასტრონავტებისთვის, კვლევისა და ტვირთების გადასატანად, რაც ხელს შეუწყობდა მთვარესა და მარსზე ხანგრძლივ მისიებს.
სააგენტომ ასევე შეცვალა Artemis III მისიის მიზნები. 2027 წლისთვის დაგეგმილი მისია, რომელიც თავდაპირველად მთვარეზე ადამიანების დაშვებას ითვალისწინებდა, დედამიწის ორბიტაზე კოსმოსური ხომალდების სისტემებისა და ოპერაციების გამოცდას განახორციელებს.
მომდევნო მისია, Artemis IV, მიზნად ისახავს ადამიანების მთვარეზე გაგზავნას, 2028 წელს.
Artemis III-ის შემდეგ „ნასა“ გეგმავს, ყოველ ექვს თვეში ერთხელ გააგზავნოს მისიები მთვარეზე და ყოველწლიურად, სულ მცირე“ ერთხელ მოხდეს პლანეტაზე ადამიანების დაშვება.
ამას გარდა „ნასა“ ასევე გეგმავს პირველი ბირთვული ენერგიით მომუშავე ინტერპლანეტარული ხომალდის გაშვებას, რომელიც 2028 წლის ბოლომდე მარსისკენ გაფრინდება.

