საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთი ლიდერის, კარლო
კოპალიანის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ 2008 წლის
აგვისტოში ომი ფულის საშოვნელად დაიწყო.
ამის შესახებ კოპალიანმა გაზეთ „ახალ თაობასთან“
ინტერვიუში განაცხადა:
„აბა თქვენ რა გგონიათ, მართლა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სურდათ? ერთი მე ვარ ჩინეთის იმპერატორი და მეორე ეგენი არიან ქვეყნის პატრიოტები. არის ასეთი ანდაზა ომი ყველაფერს ჩამოწერს. იმ ომის დროს მილიარდ დოლარზე მეტი ქონებაა ჩამოწერილი. ესენი ყურადღებას კოვზებზე და უნიტაზებზე ამახვილებენ, მაგრამ იცით რა იარაღი გაქრა ჰაერში? ვიღაცას მიჰყიდეს ეს იარაღი, ვითომ ომში განადგურდა და ფული ჯიბეში ჩაიდეს. ასევე არ დაგვავიწყდეს 4.5 მილიარდი, რომელიც მაშინ გამოგვიყვეს. აქედან 1 მილიარდი იყო გრანტი, დანარჩენი კი სესხი. სად გაქრა ეს ფული, არავინ იცის. ომიდან რამდენიმე კვირაში კეზერაშვილი ოფშორში ხსნის ანგარიშებს, სადაც ასეულობით მილიონობით დოლარი დაილექა. ჩვენმა პროკურატურამ, უშიშროებამ და გნებავთ დაზვერვამ ამ საქმეს უნდა მისდიონ. ყველაფერი უნდა იქნას გამოძიებული, წიკლაურმა და ვაშაძემ ენა მუცელში რომ ჩაიგდონ. მართლა აღმაშფოთებელია, აქამდე რატომ არ მოხდა კეზერაშვილის დაკავება“ აცხადებს კოპალიანი.