ქართველი მებრძოლები ავღანეთიდან სამშობლოში ბრუნდებიან. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის 150-მდე სამხედრო მოსამსახურეს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები – პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე, ასევე დასავლეთ სარდლობის სარდალი პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დახვდა.
„ვახორციელებთ გეგმურ როტაციას. ამ როტაციის ფარგლებში ჩვენ დღეს დავხვდით 22-ე ბატალიონის ერთ ასეულს, როტაცია აპრილის ბოლომდე დასრულდება. მათ ღირსეულად შეასრულეს ამოცანები ბაგრამის ავიაბაზაზე, ეს ამოცანა იყო ბაზის უსაფრთხოების დაცვა. უკვე ახალი ქვედანაყოფი შეუდგა ამოცანების შესრულებას. ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ ასეთი საუკეთესო ქვედანაყოფის ბიჭები ჩამოვიდნენ“, – აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ.
II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში ფარვანის პროვინციაში შეასრულა. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი V ქვეითი ბრიგადის 52-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. რამდენიმე კვირაში 22-ე ბატალიონის სამხედროები სამშობლოში სრულად დაბრუნდებიან.