აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ფლორიდაში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა

ფლორიდაში აშშ-ის და უკრაინის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულდა.

მხარეთა განცხადებით, მოლაპარაკებები რამდენიმე საკითხს შეეხებოდა და ის ხვალაც გაგრძელდება.

დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი სოციალურ ქსელში წერს, რომ დელეგაციებს კონსტრუქციული შეხვედრა ჰქონდათ და მათი ფოკუსი ჯერ კიდევ გადაუჭრელი საკითხების მოგვარებაზე იყო კონცენტრირებული.

„დღეს ფლორიდაში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებმა კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს მიმდინარე შუამავლობის ძალისხმევის ფარგლებში, რომლის დროსაც განხილვები ფოკუსირებული იყო დარჩენილი საკითხების დავიწროებასა და მოგვარებაზე, რათა ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას მივუახლოვდეთ. ამერიკის დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი, თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუნბაუმი და სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი პოლიტიკური მრჩეველი კრის კურანი. ჩვენ მივესალმებით გადაუჭრელი საკითხების მოსაგვარებლად მუდმივ ჩართულობას, ვაღიარებთ მის მნიშვნელობას უფრო ფართო გლობალური სტაბილურობისთვის და მადლობას ვუხდით აშშ-ის პრეზიდენტს წინსვლის მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის“, – წერს სტივ უიტკოფი.

შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს უკრაინული მხარეც. უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, მოლაპარაკებების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული შედეგების მისაღწევად მიდგომების ჰარმონიზაციას, მოგვიანებით კი ანგარიში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის წარედგინა.

„დღეს ფლორიდაში, დავით არახამიასთან, კირილო ბუდანოვსა და სერგეი კისლიცასთან ერთად, მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში ამერიკულ მხარესთან შეხვედრა გავმართეთ. ჩვენ გავაგრძელეთ ძირითადი საკითხების და მოლაპარაკებების პროცესში შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკული შედეგების მისაღწევად მიდგომების ჰარმონიზაციას. შეხვედრის პირველი დღის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ანგარიში წარვუდგინეთ. მადლობას ვუხდით შეერთებულ შტატებს ჩართულობისა და თანმიმდევრული მუშაობისთვის. ჩვენ ხვალ გავაგრძელებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.

იტვირთბა....