გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო, ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – გამავალი ხალხი რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს, – ამის შესახებ დეკანოზმა, თეიმურაზ თათარაშვილმა სამების საკათედრო ტაძარში, ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კვირას აღევლინება საგანგებო ლიტურგია, უწმინდესობას კი სწორედ ლიტურგიის შემდგომ დაკრძალავენ.
„ეს არის ჭეშმარიტად გულიდან წამოსული გლოვა და უდიდესი სევდა, რომელმაც მოიცვა თითქმის ყოველი ქრისტიანი. კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის, როგორც ერთ-ერთი მართლმადიდებელი ავტოკეფალიური ეკლესიის მწყემსის გარდაცვალება გახდა ძალიან დიდი წუხილი სხვადასხვა ავტოკეფალიური ეკლესიისთვისაც. ჩვენ მივიღეთ სამძიმრის წერილები თითქმის ყველა ავტოკეფალიური ეკლესიიდან და ვიცით, რომ მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეს საქართველოში სტუმრად ჩამოვა სხვადასხვა დელეგაცია. თითქმის დადასტურდა ცნობა, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოვა მისი ყოვლად უწმინდესობა, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ბართლომეოსი, რომელიც მას, რა თქმა უნდა, წაუკითხავს მიცვალებულის მსახურებისთვის დაკავშირებულ ლოცვას და აღავლენენ ამ მართლმადიდებლურ მსახურებას. ამავდროულად, ჩამოვლენ სხვა დელეგაციები სხვადასხვა ქვეყნებიდან. კონკრეტული სია ალბათ გამოქვეყნდება და ყველასთვის გახდება ცნობილი სულ მალე.
ჩვენ ვიცით, რომ ეს მოხდება კვირას, როდესაც აღევლინება საგანგებო ლიტურგია. კვირა დღე არის დიდი მარხვის მეოთხე კვირიაკე, როდესაც ეკლესია აღნიშნავს წმინდა იოანე სინელის ხსენებას და სწორედ ეს იქნება ის დღე, როდესაც მოხდება მისი უწმინდესობის დაკრძალვა ლიტურგიის შემდგომ.
ახლა გარკვეული ტიპის რეგულაციები დაწესდა ტაძარში. როდესაც ახალი მოსვენებული იყო მისი უწმინდესობა, თქვენ ალბათ დაინახეთ, რომ ხალხის ნაკადი ძალიან ძლიერი იყო და ახლა გარკვეული ტიპის ჯებირები დაყენდა ტაძარში, დაწესდა წესები, შესასვლელი კარიბჭე – ასევე, ის თუ რომელი კარიბჭიდან უნდა გავიდეს გამავალი ხალხი. ყველაფერი არის უკვე ძალიან წესრიგში მოყვანილი”, – განაცხადა მეუფემ.
კითხვაზე, სტუმრების სახით ვის ელოდება ქვეყანა ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, მეუფემ უპასუხა, რომ ცოტა რთულია დღეს გარკვეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და შეიძლება ამან გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვიოს, მაგრამ კონკრეტული სია გამოქვეყნდება.
„დაახლოებით დღეისათვის გახდება ყველაფერი უკვე ცნობილი კონკრეტულ დელეგაციებზე, მაგალითად ვინ ჩამოვა. მსოფლიო პატრიარქი შაბათს რომც ჩამოვიდეს, პირდაპირ ვამბობ, რომ ის აღავლენს მსახურებას კვირისთვის. ამავდროულად, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს დელეგაციები შეიძლება ჩამოვიდეს სხვა ავტოკეფალიური ეკლესიებიდანაც. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში ძალიან დაძაბული სიტუაცია არის, ცუდი პერიოდი არის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი ყურადღება, ჩვენი ორიენტირი სხვა რამეზე იყო გადატანილი, მახლობელ აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, რამაც ალბათ გამოიწვია შეზღუდვები ავიარეისებზე და ასე შემდეგ. ცოტათი რთულია დღეს გარკვეული ქვეყნიდან საქართველოში ჩამოსვლა და შეიძლება ამან გარკვეული დაბრკოლებები გამოიწვიოს, მაგრამ კონკრეტული სია რა თქმა უნდა, გამოქვეყნდება”, – განაცხადა მეუფემ.

