აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

„ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროპარლამენტში სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა, კითხვები ეხება წლების წინ იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან მარტა კოსის სავარაუდო თანამშრომლობას” – პოლიტიკო

ევროპარლამენტის უმსხვილესმა პოლიტიკურმა ჯგუფმა, „ევროპის სახალხო პარტიამ“ საგარეო საქმეთა კომიტეტში ევროკომისარ მარტა კოსის სპეციალური მოსმენის ჩატარება მოითხოვა.

ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს ინფორმაციას.

ბრალდება ეხება ათწლეულების წინ, გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის იუგოსლავიის სადაზვერვო სამსახურთან სავარაუდო თანამშრომლობას.

2024 წელს ევროპარლამენტში დამტკიცების დროს, მოსმენაზე მარტა კოსმა უარყო ეს ბრალდება, თუმცა გასულ კვირას აღნიშნული საკითხი კვლავ დააბრუნა დღის წესრიგში „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრმა, სლოვენიელმა ევროპარლამენტარმა, რომანა ტომჩმა. მისი თქმით, ახალი მტკიცებულებები აქვს.

სტრასბურგში ტომჩმა წარადგინა სლოვენიელი ავტორის იგორ ომერზას წიგნი, რომელიც შეიცავდა დოკუმენტებს. ტომჩის განმარტებით, ეს მარტა კოსის იუგოსლავიის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობას ადასტურებს.

„კომისრის მიმართ დასმულ კითხვებს ევროპარლამენტში უნდა გაეცეს პასუხი. ეს წინასწარი განაჩენი არ არის, მაგრამ მარტა კოსი ვალდებულია, გამოცხადდეს და უპასუხოს კითხვებს ევროკომისიის სანდოობის შესანარჩუნებლად“, – აღნიშნა „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტმა.

„პოლიტიკოს“ კომისიის ოფიციალური პირმა განუმარტა, რომ კოსმა გაიარა საჭირო „ვრცელი და საფუძვლიანი გადამოწმების პროცედურა“. ამასთან, ანონიმური წყაროს თქმით, ბრალდებები პოლიტიკური თავდასხმაა და „სლოვენიის არჩევნებში ქულების მოპოვების“ მცდელობას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელია ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი. ამასთან, მარტა კოსი ორშაბათს ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში მოსმენაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო, თუმცა გამოცხადებაზე უარი თქვა. ამ კომიტეტში უნდა გაიმართოს სპეციალური მოსმენა, რომელსაც „ევროპის სახალხო პარტია“ ითხოვს. კომიტეტის თავმჯდომარე „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრი, ევროპარლამენტარი დევიდ მაკალისტერია. როგორც წესი, სწორედ თავმჯდომარე და ჯგუფის კოორდინატორები წყვეტენ, მოსმენა ჩატარდება თუ – არა.

იტვირთბა....