„უცხოელი აგენტების“ კანონი ჩეხეთში: ინიციატივის ავტორს რუსეთთან კავშირები აქვს, – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას „რადიო თავისუფლება“.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, ჩეხეთში მომზადდა კანონპროექტი „უცხოურ სუბიექტებთან კავშირის მქონე ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ“, რომლის თანახმად, ყველა ორგანიზაცია, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ევროკავშირის ფონდებიდან ან სხვა ქვეყნებიდან იღებენ გრანტებს, ვალდებული იქნებიან, სპეციალურ მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდნენ.
დარღვევისთვის გათვალისწინებულია 15 მილიონ კრონამდე ჯარიმა.
„რადიო თავისუფლების“ ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტი გავრცელდება უნივერსიტეტებზე, კვლევით ინსტიტუტებზე, სპორტულ ფედერაციებზე და ევროკავშირის ფონდებიდან დაფინანსების მიმღებ ორგანიზაციებზეც.
როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები „უცხო აგენტების“ შესახებ კანონს რუსული კანონის ასლს უწოდებენ. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი კი აცხადებს, რომ საფუძვლად აიღო არა რუსული, არამედ ამერიკული კანონი „ფარა“.
„როგორც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია განმარტავს, ეს შედარება მცდარია, რადგან „ფარა“ მხოლოდ უცხოური მთავრობების ინტერესების წარმომადგენელ ლობისტებს შეეხება, ხოლო არასამთავრობო, საგანმანათლებლო და სამოქალაქო ორგანიზაციებზე, რომლებიც უცხოური მთავრობის სახელით არ მოქმედებენ, „ფარას“ მოქმედება არ ვრცელდება“, – აღნიშნულია სტატიაში.
სტატიაში ნათქვამია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის მრჩეველი ნატალია ვახატოვაა.
„ჩეხეთის მედიის თანახმად, მისი ძმა მოსკოვში მსხვილ კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც ვადაგადაცილებული ვალების ამოღებით არის დაკავებული. კომპანიის კლიენტებს შორის არიან რუსეთის მთავრობის კონტროლქვეშ მყოფი „ვითიბი“ და „სბერბანკი““, – აღნიშნულია სტატიაში.
„რადიო თავისუფლების“ სტატიის მიხედვით, უსაფრთხოების ექსპერტი რომან მაცა მიიჩნევს, რომ „რუსეთის სპეცსამსახურები ადევნებენ თვალს ადამიანს, რომელიც რუსეთში მილიარდიან ბიზნესს აწარმოებს და რომლის და პრემიერ-მინისტრის მრჩეველია“.
სტატიის თანახმად, ვენეციის კომისიის წარმომადგენლის შეფასებით, კანონპროექტი ჩეხეთის კონსტიტუციასაც და საერთაშორისო ხელშეკრულებებსაც ეწინააღმდეგება.
„რადიო თავისუფლების“ სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავსი კანონები უნგრეთსა და სლოვაკეთში უკვე მიიღეს, რომელიც სლოვაკეთში საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, უნგრეთის შემთხვევაში კი ევროპული სასამართლო განიხილავს.

